ახალი ამბები

პროკურატურამ „პალიტრამედიის” ერთ-ერთი კომპანიიდან ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო

24 სექტემბერს მთავარი პროკურატურა, „პალიტრამედიას“ კუთვნილ სტამბა – „კოლორპაკში“ შევიდა და 2014-დან 2018 წლის ჩათვლით, ფინანსური დოკუმენტები ამოიღო.

პროკურატურის მიერ 25 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, უწყებაში გამოძიება კორუფციულ დანაშაულზე მიმდინარეობს. კერძოდ, სახელმწიფო პროგრამის (,,აწარმოე საქართველოში“) ფარგლებში, „ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე“.

პროკურატურის ინფორმაციითვე, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „კოლორპაკმა“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1.6 მლნ აშშ დოლარის კრედიტი მიიღო, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება კი, 24 თვის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, კომპანიიდან დოკუმენტაციის ამოღება მხოლოდ ამ კონკრეტული პროგრამით მიღებული თანხების ხარჯვის მონიტორინგის შესწავლას ეხება და შპს ,,კოლორპაკს“ საქმიანობა „არ ეზღუდება“.

ფაქტზე 25 სექტემბერს განცხადება „პალიტრამედიამაც“ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათ პროკურატურას მოთხოვნილი დოკუმენტები სრულად გადასცეს. „გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი კომპანიაკოლორპაკისდირექტორმა გიორგი ჟორჟოლიანმა PalitraNews-ის გადაცემა „360 გრადუსში გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამიდან თანადაფინანასება, მისი კომპანიის მსგავსად, ასობით კომპანიამ მიიღო და პირველი ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფო პროცენტის გადახდაში მათაც ეხმარებოდა.

მინდა დავაფიქსირო ის ფაქტი, რომ ყველა ჩვენმა კონკურენტმა თუ პარტნიორმა სტამბამ და მონათესავე კომპანიამ გამოიყენა აწარმოე საქართველოს პროექტი და განავითარა ბიზნესი“, – განაცხადა მან.

შპს „კოლორპაკის“ 100 %-იანი წილის მფლობელი შპს „კოლორია“, რომლის 41.4 %-იანი წილის მფლობელი შპს „კვირის პალიტრაა“. თავის მხრივ „კვირის პალიტრის“ 75 % ირაკლი თევდორაშვილს ეკუთვნის, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილია. მედიისავე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „კოლორპაკისთვის“ კრედიტის მიცემაც სწორედ ქუმსიშვილის ლობისტობით მოხდა.

ივლისში გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტმა“ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებმა საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად სახელმწიფო რესურსები“გამოიყენეს. კვლევაში კომპანიაკოლორპაკიცარის ნახსენები.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე არაერთხელ იყო დაბარებული, თუმცა კონკრეტულად რა საკითხზე გამოიკითხა, ქუმსიშვილს მაშინ მედიასთან არ უსაუბრია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button