ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ დასკვნას ეხმაურება, რომელშიც უწყების მიერ განხორციელებულ შესყიდვებში კორუფციის სავარაუდო ნიშნებზეა საუბარი და მსგავს ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.

რას ამბობს აუდიტის დასკვნა?

აუდიტის სამსახურის მიერ 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საგარეო უწყების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისთვის საჭირო შესყიდვაში დაფიქსირებული ფაქტი სახელდება. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის „საექსპერტიზო, გეოლოგიური და საპროექტო სამუშაოების შესყიდვისთვის“ უწყებას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2017 წლის 3 აგვისტოს 737 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის კი, სამინისტრომ 4 აგვისტოს, ტენდერის გარეშე ხელშეკრულება წინა დღეს დარეგისტრირებულ კომპანიასთან – შპს „ლენდ მარკ პროჯექტთან“ გააფორმა, რომლის 100 %-იანი წილის მფლობელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის ძმა – ავთანდილ მახარობლიშვილია.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საგარეო უწყების მიერ დაქირავებულმა კომპანიამ სამუშაოები ხარვეზით შეასრულა. საბოლოოდ კი, კომპანიის მიერ მომზადებული პროექტი, სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“, რომელიც შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა, სათანადოდ ვერ გამოიყენა.

აუდიტის სამსახურის განმარტებით, დამატებითი მოკვლევისა და შესწავლისთვის საქმე მთავარ პროკურატურაში უკვე გადაგზავნილია.

საგარეო უწყების გამოხმაურება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მედიაში გაშუქებისა და ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ, დასკვნაზე განმარტებები საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გააკეთეს.

მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილმა, რომელიც უწყების მიერ დაქირავებული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელის ძმაა, უწყების მიერ განხორციელებულ შესყიდვაში მისი რაიმე ფორმით ჩართულობა კატეგორიულად გამორიცხა. „მე საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ფუნქციებით [შესყიდვებით] არ ვარ დატვირთული, არც იმ კომისიაში ვყოფილვარ, საერთოდ, ამ პროცესებში მონაწილეობა არ მიმიღია. უფრო მეტსაც გეტყვით, საერთოდ საქმის კურსშიც არ ვიყავი ამ ყველაფრის“, – განმარტა მან. მისივე თქმით, საქმის დეტალების გარკვევით, უპირველეს ყოვლისა, თავად არის დაინტერესებული.

საკითხზე კომენტარი მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ ზვიად გონაძემაც გააკეთა და განმარტა, რომ ხელშეკრულება იმ კომპანიასთან გაფორმდა, „რომელშიც დასაქმებულები იყვნენ შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე ადამიანები“. მისივე თქმით, კომპანიამ მასზე დაკისრებული ვალდებულებები ბოლომდე შეასრულა, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნითაც დადასტურდა.

„რაც შეეხება კომპანიის დამფუძნებლებთან ჩვენი კოლეგის ნათესაურ კავშირს, მოგახსენებთ, რომ მის [ვახტანგ მახარობლიშვილის] კომპეტენციაში არასდროს შედიოდა ის სფერო, რომელსაც ჩვენ ვკურირებთ…შესაბამისად, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა ამ პროცესებზე“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

უწყებაში არსებული სხვა ხარვეზები

შესყიდვების პარალელურად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საგარეო უწყების მიერ თანხის არაეფექტიანად ხარჯვაზეც მიუთითებს. კერძოდ, აუდიტის სამსახურის დოკუმენტის მიხედვით, დიპლომატიური უწყების მიერ ზოგიერთი სამივლინებო ხარჯი ზედმეტად იყო ანაზღაურებული.

აუდიტის სამსახურს კითხვები აქვს საგარეო უწყების მიერ ჩატარებული ღონისძიებების ხარჯებთან მიმართებითაც. დასკვნაში ნათქვამია, რომ სამინისტროში შესაბამისი ხარჯების ამსახველი დოკუმენტები არ არის შემუშავებული, რაც „კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button