skip to content
მოსაზრება

კერსტი კალიულაიდი: საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა ხალხის გაერთიანება უნდა შეძლოს

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა „ხმამაღალი და ღია განცხადება“ უნდა გააკეთოს იმის შესახებ, რომ ის ყველა ადამიანის და ყველა ინტერესჯგუფის პრეზიდენტი იქნება.

ესტონეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ხალხის გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო, რომ გახდე ფუნქციონალური, დემოკრატიული და კანონის უზენაესობის მქონე ქვეყანა – რეგიონის კაშკაშა ვარსკვლავი“, საქართველოს ნებისმიერი პრეზიდენტის მიზანი უნდა იყოს.

კერსტი კალიულაიდი თბილისში იმ სხვა უცხოელ ოფიციალურ პირებს შორის იმყოფებოდა, რომლებიც მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას – „მსოფლიო თავდაყირა 2018“ დაესწრნენ. კონფერენციას 11-12 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტმა საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა უმასპინძლეს.

საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს ინფორმაციით, პრეზიდენტობის სურვილი ჯამში 46-მა კანდიდატმა გამოთქვა.

გუშინ ესტონეთის პრეზიდენტი თავის ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა და ორმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები განიხილა.

მოგვიანებით, ესტონეთის პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

კერსტი კალიულაიდის თბილისში ვიზიტამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, გიორგი მარგველაშვილი ესტონეთს სტუმრობდა, სადაც ქვეყნის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button