ახალი ამბები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

Tags

ევროპარლამენტმა დღეს საქართველოს შესახებ შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, რომ „შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ და ორივე რეგიონის „დეფაქტო ინტეგრაცია რუსეთის ადმინისტრაციაში“.

რეზოლუციას სახელწოდებით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შემოჭრიდან 10 წლის თავზე“, რომელიც 50 ევროპარლამენტარის მონაწილეობით მომზადდა, წინ 12 ივნისს გამართული დებატები უძღოდა.

რეზოლუციაში ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს, რომ „საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლის თავზე“ რუსეთის ფედერაცია „კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას“. მათ ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდეს, რომ ისეთი მიდგომა ჩამოაყალიბონ, რომელიც „უფრო მკაფიო და ზუსტი ტერმინების გამოყენებით“ რუსეთის აგრესიას საქართველოში „ოკუპაციად“ შეაფასებს.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ თანმიმდევრული, კოორდინირებული, ერთიანი და მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოს რუსეთის ოკუპაციის და ანექსიის პოლიტიკის მიმართ, რაც ერთადერთი საშუალებაა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველყოფისა და სამეზობლოში მსგავსი კონფლიქტების აღკვეთის მიზნით“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

დაადასტურეს რა ევროკავშირის ძლიერი ერთგულება, რომ წვლილი შეიტანოს რუსეთ-საქართველოს ომის მშვიდობიან მოგვარებაში, ევროპარლამენტარებმა ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გამო დაგმეს და საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდეს.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ორი რეგიონის იზოლაციას დანარჩენ საქართველოსთან „გამშვები პუნქტების დახურვის, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების გასწვრივ ფიზიკური ბარიერების აღმართვისა და ქართული კულტურის აღმოფხვრის მიზნით წარმოებული კამპანიის გზით“ და მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც მიზნად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს.

აღნიშნავს რა, რომ რუსეთი, „რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს“ საქართველოს ტერიტორიებზე, „სრულადაა პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე და ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე“, რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის გადაადგილების და ცხოვრების თავისუფლება, საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება ირღვევა ოკუპირებულ რეგიონებში, სადაც კვლავ აქვს ადგილი უკანონო დაკავებებს და გატაცებებს.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს „დაასრულოს დაუსჯელობა და ეთნიკურად მოტივირებული დანაშაულები“ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და „მოხსნას ყველანაირი დაბრკოლება, რათა უზრუნველყოს საქართველოს დევნილი მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობაში მონაწილე პირების გასამართლება“.

მიესალმა რა საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ, რეზოლუცია „მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს და საბჭოს, რომ შავ სიაში შეიყვანოს და ადგილობრივი და ევროკავშირის მასშტაბით სანქციები დაუწესოს ყველა იმ პირს, ვინც შევიდა ან, შესაძლოა, შევიდეს ოთხოზირია-ტატუნაშვილის სიაში“.

„რუსეთი განაგრძობს ახალი ბაზების მშენებლობას, ახალი სამხედრო ძალის შეყვანას, ღობეების და მავთულხლართების აღმართვას რეგიონის ახალი ნაწილების გასწვრივ და ჩვენ ამის ნებას ვაძლევთ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა შვედეთიდან, იასენკო სელიმოვიჩმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მან განაცხადა, რომ „ევროკავშირი არასდროს დაივიწყებს საქართველოს“ და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა „ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოსთხოვოს რუსეთს, რომ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულება და შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button