skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკური რეიტინგები და საზოგადოების დამოკიდებულებები NDI–ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საკითხთა ფართო სპექტრის, მათ შორის პოლიტიკური პარტიების, საგარეო პოლიტიკის და მთავრობის საქმიანობის მიმართ რესპოდენტების განწყობებს აჩვენებს.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, NDI-ის დაკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით, გამოკითხვა 20 მარტიდან 4 აპრილამდე პერიოდში აწარმოა.

კვლევის ფარგლებში წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2 194 რესპოდენტი გამოიკითხა; კვლევის ცდომილების ზღვარი +/-2.2 %-ს შეადგენს.

პოლიტიკური რეიტინგები

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 26% აცხადებს, რომ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო მათთან „ყველაზე ახლოს მდგომია“, ევროპულ საქართველოს ასეთად რესპონდენტების 4% ასახელებს. შემდეგ მოდიან ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი 3%-ით თითოეული.

დეკემბრის ანალოგიურ კვლევაში, მმართველი პარტია რესპონდენტების 31%–მა დაასახელა მათთან ახლოს მდგომ პარტიად; შემდეგ მოდიოდა ნაციონალური მოძრაობა – 10%-ით; ევროპული საქართველო – 4%-ით და პატრიოტთა ალიანსი – 3%-ით.

კითხვაზე „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 31% ქართულ ოცნებას ასახელებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 9%, ევროპულ საქართველოს – 5%, სხვა პარტიებს კი – 9%. რესპონდენტთა 8% არცერთ პარტიას მისცემდა ხმას, ხოლო 29% კი ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მიანიჭებდა უპირატესობას.

საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება

იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს ემხრობიან, 2017 წლის დეკემბერში არსებული 72%-დან 75%-მდე გაიზარდა. ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა მაღალია ქვეყნის მასშტაბით, თუმცა გამონაკლისს ეთნიკური უმცირესობების დასახლებები წარმოადგენს – 50%.

რესპონდენტების 65%-მა განაცხადა, რომ ისინი ემხრობიან საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს ნატოში გაწევრიანების თაობაზე, რაც ერთი პროცენტული პუნქტით მეტია 2017 წლის დეკემბერთან შედარებით. რესპონდენტების 20% ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია; 2017 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 26%-ს შეადგენდა. ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა 2017 წლის დეკემბერში არსებული 36%-დან 26%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება კითხვას საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ, რესპონდენტების 65%-მა (60% 2017 წლის დეკემბერში) უპასუხა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, ხოლო 21%-მა (29% 2017 წლის დეკემბერში) უპასუხა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში. რესპონდენტების 7% არც ერთ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

რესპონდენტების 43%-ს მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირი კარგი იყო, ხოლო 42% აცხადებს, რომ ის ცუდი იყო.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უქმნის საქართველოს ყველაზე დიდ საფრთხეს რესპონდენტების 63%-მა რუსეთი დაასახელა; შემდეგ მოდის თურქეთი (8%) და ამერიკის შეერთებული შტატები (5%). 33%-მა რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ დაასახელა; შემდეგ მოდის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია (11%), ტერორიზმი (9%) და რუსული პროპაგანდა (7%).

ხელისუფლების საქმიანობა

კვლევის თანახმად, იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველო „არასწორი მიმართულებით“ ვითარდება 39%-ია, იგივე რაც 2017 წლის დეკემბერში. რესპონდენტების 29%-ს მიაჩნია, რომ საქართველო „სწორი მიმართულებით“ ვითარდება, რაც 3 პროცენტული პუნქტით მეტია 2017 წლის დეკემბერთან შედარებით; ხოლო 29%-ს მიაჩნია, რომ საქართველო „საერთოდ არ იცვლება“ (32% 2017 წლის დეკემბერში).

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 52%-მა ქართული ოცნების ხელისუფლების საქმიანობა შეაფასა როგორც „საშუალო“; 14% – კარგი და 33% – ცუდი. რესპონდენტების 44%-ს მიაჩნია, რომ ცენტრალურ მთავრობაში კორუფციის პრობლემაა; 35%-ს მიაჩნია, რომ ეს პრობლემა ადგილობრივ ხელისუფლებაში, ხოლო 29% ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს ასახელებს, როგორიცაა სკოლები, საჯარო რეესტრები და საავადმყოფოები.

63% აცხადებს, რომ დანაშაულის დონემ 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ იმატა.

რესპონდენტების ყველაზე მაღალი შეფასება იუსტიციის სახლების, არმიის და ეკლესიის საქმიანობამ მიიღო, თუმცა ეკლესიის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 2015 წელს არსებული 80%-დან 56%-მდე შემცირდა.

ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს სასამართლოებმა, რომლებიც რესპონდენტების 30%-მა უარყოფითად, ხოლო 14%-მა დადებითად შეაფასეს; ასევე პარლამენტმა, რომელიც რესპონდენტების 35%-მა უარყოფითად შეაფასეს.

რაც შეეხება ქვეყნის ლიდერების საქმიანობას, ყველაზე დადებითად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე შეფასდნენ. თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისელი რესპონდენტებისგან 53%-იანი დადებითი შეფასება მიიღო.

რაც შეეხება ცალკეულ პოლიტიკოსებს, ყველაზე დადებითი შეფასება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ (46%), საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ (34%) და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა (31%) მიიღეს.

მედია

ტელევიზია ქართული პოლიტიკის და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ რესპონდენტების 72%-ისთვის რჩება; შემდეგ მოდის ინტერნეტი – 18%.

„იმედი“ და „რუსთავი 2“ ყველაზე სანდო ტელეკომპანიებად რჩებიან (33% და 27%; დეკემბერში მათი მაჩვენებელი 46% იყო). საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობა 4%-ს შეადგენს, ხოლო ტვ პირველის და ობიექტივის მიმართ – 2%-ს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button