skip to content
ახალი ამბები

ვეს მიტჩელი: საქართველო გახდება ნატოს წევრი

„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვეს მიტჩელმა, რომელიც ევროპაში დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს პირველი ვიზიტით სტუმრობს, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე თბილისში 30 აპრილს.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვეს მიტჩელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს, როგორც მისი მეგობრის და სტრატეგიული პარტნიორის, გვერდით დგას და რომ ნატოს კარი ღია რჩება ყველა იმ ევროპული დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომელიც ალიანსის ღირებულებებს ემხრობა და „საერთო უსაფრთხოებას“ უწყობს ხელს.

„მხოლოდ თავად საქართველოს შეუძლია აირჩიოს საკუთარი მომავალი. არც ერთ მესამე ქვეყანას არ შეუძლია ვეტო დაადოს საქართველოს წევრობას ნატოში. დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა თქვენს ინტერესშია, ევროპის და ამერიკის ინტერესშია“, – განაცხადა მიტჩელმა და საქართველოს „თავისუფლების ძლიერი სიმბოლო“ უწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ერთგულნი რჩებიან, რომლის თანახმადაც „საქართველო გახდება ნატოს წევრი“. მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი „მოუწოდებს მოკავშირეებს, რომ მხარი დაუჭირონ ამ დაპირებას, რომელიც მაშინ გაკეთდა“.

თავის გამოსვლაში ვეს მიტჩელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო „სტრატეგიულ და ცივილიზაციურ საზღვარზე“ იმყოფება და რომ მან რეგიონში ლიდერის სახელი მოიხვეჭა. მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს მსგავს ძლიერ პარტნიორებზეა დამოკიდებული მსოფლიოს მასშტაბით საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეაქო რა საქართველოს მთავრობა ქვეყნის რეფორმირების და გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის, მიტჩელმა განაცხადა, რომ „მოვუწოდებთ მთავრობას, რომ არა მხოლოდ მიიღოს რეფორმები, არამედ განახორციელოს კიდეც ისინი“. მან განსაკუთრებით სასამართლო დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების სფეროები გამოყო.

კონფლიქტები

მიტჩელმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა მოსკოვს, რომ საკუთარი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს, გააუქმოს ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება და რეგიონებში თავისუფალი შესვლა და ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.

„ათი წლის წინ რუსეთმა საქართველო დაიპყრო. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ ქართული მიწის ოკუპაციას. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები საქართველოა“, – განაცხადა ვეს მიტჩელმა.

მან განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ შემდგომი კომუნიკაციის და კავშირების დამყარების გზით შეძლებს ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებას და მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ სამშვიდობო ინიციატივის მეშვეობით მოძებნოს გამოსავალი.

ნატო-საქართველოს ფორუმი

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი ორდღიანი ღონისძიებაა, რომლის ორგანიზატორიცაა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით იმართება. ფორუმი ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

ფორუმი 16 აპრილიდან 1 მაისამდე დაგეგმილი ნატოს დღეების ფარგლებში იმართება და მთავრობის მიზანია, რომ ნატოს ინტეგრაციის და მისი სარგებლის შესახებ დისკუსიებში ქართველები ჩართოს.

მიტჩელი საქართველოს 29-30 აპრილს სტუმრობდა და ვიზიტის ფარგლებში იგი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button