ახალი ამბები

კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიას სტუმრობს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციიით, კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერს მისი პოლიტიკური გუნდის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება „უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის“.

მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზა ლიბერალიზაცია, ასევე, სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური ვითარება იძლევა იმის ყველანაირ პირობას, რომ გერმანულმა ბიზნესწრეებმა უფრო აქტიურად განიხილონ საქართველო ბიზნესის საწარმოებლად, რაც მეტ ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობა. ასევე აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში. ორი ლიდერი გლობალური უსაფრთხოების საკითხსაც შეეხო და ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში.

ქართული მხარიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია ესწრებოდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button