skip to content
ახალი ამბები

მაიკ პენსი: ჩვენ ვდგავართ თქვენი თავისუფლების და ჩვენი საერთო ღირებულებების სადარაჯოზე


გიორგი კვირიკაშვილი და მაიკ პენსი, თბილისი, 31 ივლისი, 2017. ფოტო: gov.ge

„შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვენთან, თქვენს მთავრობასა და მამაც ქართველ ხალხთან მარტივი გზავნილით მომავლინა: ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ ვდგავართ თქვენი თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სადარაჯოზე“, – ამ სიტყვებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, 31 ივლისს მიმართა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა საქართველოში თავისი ორდღიანი ვიზიტის პირველ დღეს, ვახშამზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობით მთაწმინდის პარკში გამართა. 

„ათასწლეულების მანძილზე ქართველმა ხალხმა დაამტკიცა თავისი სიმამაცე, დამოუკიდებლობა და ნება, იბრძოლოს იმის დასაცავად, რისიც სწამს“, აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა და გამოთქვა იმედი, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის „არსებული ძლიერი კავშირები და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი თავდადება კიდევ უფრო განმტკიცდება“ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. 

პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს სახით ჰყავს „ერთგული მეგობარი, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები აკავშირებს“ და რომელიც „ევროპული ერების ოჯახში კუთვნილი ადგილის“ დამკვიდრებისკენ მიისწრაფის. 

„ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ აშშ „საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირეა“ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 1 აგვისტოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს და შეხვდება „ღირსეული პარტნიორის“ სახელწოდებით მიმდინარე სამხედრო წვრთნების მონაწილეებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button