skip to content
ახალი ამბები

ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

დემირელის სახელობის კოლეჯის და მისი პარტნიორი სკოლების მმართველს, თურქეთის მოქალაქეს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ.
გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის, შოთა რეხვიაშვილის, ბრიფინგიდან, რომელიც 7 ივლისს გაიმართა.
რეხვიაშვილის განმარტებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი სამინისტროს მიერ ყველა შესაბამისი დოკუმენტისა და ინფორმაციის შესწავლის შემდეგ ეთქვათ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო არ ასაჯაროებს გადაწყვეტილების შინაარს და არგუმენტაციას, ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პრინციპების გათვალისწინებით. 
„ემრე ჩაბუქის განაცხადის შეფასებისას გაანალიზდა, თუ რამდენად ემუქრება ბატონ ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური ნიშნით დევნა. ასევე გათვალისწინებულ იქნა 2016 წელს თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, სამინისტრომ, ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უახლესი ანგარიშები, მათ შორის, თურქეთში არსებული მდგომარეობის შესახებ წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშიც. 
„2016 წლიდან ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ თურქეთში ციხეების მდგომარეობა შეესაბამება საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს და ფაქტიურად გამორიცხულია, არ არსებობს წამების ფაქტები…ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვესწავლა ციხის მდგომარეობა, ადამიანის უფლებები და სამართლიანი სასამართლოს მიმართ ნდობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ. 
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია მოხდება, ქართველ დიპლომატებს მონიტორნიგის განხორციელების საშუალება ექნებათ.
„ამას ვადასტურებ, რომ ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს ეძლევა საშუალება იმ შემთხვევაში თუ მოხდება ექსტრადიცია, მონიტორინგი განახორციელოს“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი,  რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მიერ იძებნება, 24 მაისს  დააკავეს. მას ბრალად ედება ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებულ და თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ორგანიზაცია FETÖ-სთან სავარაუდო კავშირი, რასაც ბრალდებული უარყოფს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 მაისს ჩაბუქს სამთვიანი საექსტრიდიციო პატიმრობა შეუფარდა.
გიულენის მოძრაობა, რომელსაც ბიზნეს კომპანიების და სკოლების საერთაშორისო ქსელი აქვს, აშშ–ში მცხოვრებმა თურქმა სასულიერო პირმა, ფეთჰულაჰ გიულენმა ჩამოაყალიბა. სწორედ მას ადანაშაულებს თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, ერთი თვის წინ მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა ეყრდნობოდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლს, რომელიც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძველს ადგენს.
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი თვის ვადაში აპირებს. 
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქულ მხარეს არ გადაეცეს, ხოლო მის ოჯახს და თანამოაზრეებს პოლიტიკური თავშესაფარი მიეცეთ. 
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა კი განაცხადა, რომ თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში ჩაბუქს „წამება და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევები ემუქრება“.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button