Placeholder canvas
ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინა


ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდა, 26 ივნისი, 2017. ფოტო: facebook.com/zalikoudumashvili/

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და გადაცემა „კურიერის“ წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, ხოლო პარტიის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი, ნიკა მელია, თბილისის 50-წევრიანი საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.

ორივე კანდიდატის წარდგენა 26 ივნისს თბილისში მეტეხის ეკლესიის წინ გაიმართა.

შეკრებაზე პირველი ნიკა მელია გამოვიდა სიტყვით. მელიამ, რომელიც 2014 წელს თბილისის მერად იყრიდა კენჭს, განაცხადა, რომ პარტია „გადამწყვეტ ბრძოლას“ იწყებს „უიმედობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბისა და მიუსაფრობის, მაფიოზური კლანისა და ოლიგარქიის, ნეპოტიზმისა და კორუფციის დასამარცხებლად“.

„ხუთი წელია ხელისუფლება იბრძვის ჩვენს გასანადგურებლად და მიუხედავად ამისა ჩვენ ვდგევართ აქ, ვართ ბევრნი, ახალი შემართებით, ახალი ენთუზიაზმით, კიდევ უფრო მეტი მოტივაციით, ახალი მიდგომებით და ვაცხადებთ გარდამტეხ ბრძოლას ოლიგარქის დასამარცხებლად“, – განაცხადა მელიამ, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდა მხედველობაში.

„ბრძოლა საქართველოს ივანიშვილისგან გადასარჩენად დაიწყება თბილისიდან… და ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენი მხარდაჭერით“, – აღნიშნა მელიამ და დასძინა, რომ ის ტოვებს პარლამენტს „ამ ქვეყნის გადასარჩენად და ქართული ოცნების დასამარცხებლად თბილისის საკრებულოდან“. 

მან სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც შესთავაზა თანამშრომლობა. „ნაციონალური მოძრაობის სახელით, გთავაზობთ დასავლური ღირებულებების ერთგულ ყველა ძალას გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში და ერთად დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი თბილისში“, – განაცხადა მან.

ნიკა მელიამ, რომელმაც თავისი გამოსვლის ბოლოს უდუმაშვილი წარადგინა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უდუმაშვილი „უკვე არის გამარჯვებული როგორც ჟურნალისტი, როგორც პროფესიონალი და მოქალაქე“.

„ახლა ის მოდის ქართულ პოლიტიკაში, რათა ჩვენთან ერთად… მოიგოს გარდამტეხი ბრძოლა თბილისისთვის და თბილისელებისთვის“, – დასძინა მელიამ.

ზაალ უდუმაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ის „გაბრაზებული თბილისელების“ კანდიდატი იქნება. მისი თქმით, თბილისელები გაბრაზებული არიან, რადგანაც დედაქალაქი არასდროს ყოფილა ისე მიტოვებული, როგორც ახლა და არასდროს ყოფილა ამდენი მოუგვარებელი პრობლემა და გამოწვევა, როგორც დღეს.     

„მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და  მინდა გავხდე თქვენი ქალაქის მერი იმიტომ, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი“, -განაცხადა უდუმაშვილმა და პირობა დადო, რომ დაასრულებს ნეპოტიზმს, კორუფციას და პარტიულ დანიშვნებს მერიაში. მან ასევე პირობა დადო, რომ დაასრულებს რიგ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და თბილისის გარეუბნებისთვის განვითარების თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს.   

„მე ვირჩევ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ამ ქვეყნის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შენების გამოცდილება აქვს… მინდა ამ გუნდის პოზიტიური  გამოცდილება სრულად გავიზიარო, ხოლო დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეორო“, – დასძინა უდუმაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button