ახალი ამბები

ფანჯიკიძე დასავლეთსა და რუსეთს შორის საპასუხო სანქციების შესახებ კომენტარს ‘განმარტავს’

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს დასავლეთისა და რუსეთის მიერ ერთმანეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ საკუთარი განცხადების „განმარტება“ მოუწია მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელის კომენტარი დასავლელი პარტნიორების პოზიციასთან წინააღმდეგობაშ მოდის.

ფანჯიკიძემ განაცხადა 7 აგვისტოს, რომ დასავლეთის და რუსეთის მიერ ერთმანეთისთვის დაწესებული სანქციები „არ არის, რა თქმა უნდა, ამ კრიზისიდან გამოსავალი.“

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 8 აგვისსტოს უპასუხა, რომ ამგვარი განცხადებებით   „პირველად საჯაროდ დაფიქსირდა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ეწინააღმდეგება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის პოზიციას“.

„ამ განცხადების მიხედვით, სანქციები არის კონტრ-პროდუქტიული და უშედეგო და საჭიროა სხვა გზების მოძებნა უკრაინის პრობლემის გადასაწყვეტად… შექმნილ სიტუაციაში ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად, საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად მკაფიოდ დააფიქსიროს წყალგამყოფის რომელ მხარეს დგას ის. დგას ის ჩვენს ძირითად პარტნიორებთან ევროპელებთან და ამერიკელებთან, თუ დგას ის პუტინის რუსეთის გვერდზე“, – განაცხადა ბაქრაძემ და მოუწოდა ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს.

ამის საპასუხოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპონენტები მისი განცხადების „არასწორ ინტერპრეტაციას“ ახდენენ და აღნიშნა, რომ სანქციები არ არის მხოლოდ საკმარისი იმისათვის, რომ კრიზისული ვითარება გადაიჭრას.“

„ჩემმა განცხადებამ გარკვეული არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია. ეს ბუნებრივია, რადგანაც პოლიტიკური ოპონენტებისგან ხშირად მიგვიღია არასწორი ინტერპრეტაცია იმ სიტყვებისა, რომლებსაც ჩვენ ვამბობთ, რომლებიც ყოველთვის იმას სცდილობენ, რომ ისეთი რამ დაგვაბრალონ, რაც არასდროს სიმართლეს არ შეესაბამება. ამიტომ მე საჭიროდ ჩავთვალე გამეკეთებინა ეს განმარტება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„გუშინ დასმულ შეკითხვაზე სანქციების შესახებ მე საკმაოდ ვრცელი პასუხი გავეცი და ვისაუბრე იმ სანქციებზე, რომელიც ერთის მხრივ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესდა რუსეთის წინააღმდეგ და იმ პასუხზე, რომელიც რუსეთმა გასცა ამ სანქციებს, ანუ მთლიანად ამ სიტუაციაზე მქონდა საუბარი და მე ავღნიშნე, რომ ეს არ არის მხოლოდ საკმარისი იმისათვის, რომ კრიზისული ვითარება გადაიჭრას და რომ საჭიროა საერთოდ ევროპული უსაფრთხოების სისტემის გადახედვა, უფრო ფუნდამენტური გადახედვა და ფუნდამენტური დასკვნების გამოტანა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

„ჩვენი ოპონენტები გვაბრალებენ იმას, თითქოს ჩვენ არ ვართ სოლიდარულები უკრაინის მიმართ. ეს მინდა კატეგორიულად უარვყო, ნებისმიერ ჩვენს განცხადებაში, ნებისმიერი მინისტრის, მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენლის და, რაც მთავარია, საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ყოველთვის არის უკრაინელი ხალხის მიმართ უდიდესი სოლიდარობის გამოხატულება. ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, საჯაროდ ვგმობთ ყირიმის ანექსიას, გვაქვს ძალიან აქტიური კონტაქტი ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. მე ძალიან ხშირად მაქვს შეხვედრები  ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და სატელეფონო ურთიერთობაც მასთან. ჩვენ რამდენიმე ვიზიტი გვქონდა უკრაინაში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ასე რომ ეს ბრალდება, თითქოს ჩვენ არასაკმარისად ვუჭერთ მხარს უკრაინას, არის აბსოლუტურად არასწორი და ყოველთვის გამოყენებული ჩვენი ოპონენტების მხრიდან იმისათვის, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, რაც ნამდვილად არ შეეფერებათ ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომელიც გრძნობენ საგარეო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“.

„ჩვენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად ყველაფერში მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ვგმობთ იმ საერთაშორისო ნორმების დარღვევას, რითიც ხდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შელახვა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
„ჩვენ საქართველო, რომელმაც 2008 წელს იწვნია, თუ რას ნიშნავს რუსეთის აგრესია და ყოველთვის ვამახვილებდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებას იმაზე, რომ აქ ფუნდამენტური მიდგომა იყო საჭირო და უფრო ღრმა ანალიზი იმისა თუ რა მოხდა, როგორ შეიძლება, რომ სხვანაირად ვუყურებდეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს“, – აღნიშნა მან.

„ამიტომ მე კატეგორიულად ვემიჯნები იმას, რაც დღეს მოყვა ჩემი სიტყვების ინტერპრეტაციას და კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინაში არსებული კრიზისით მთელს რეგიონში დესტაბილიზაცია მოყვა შედეგად, რომ საჭიროა ევროპის უსაფრთხოების სისტემის ფუნდამენტური გადახედვა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა“, – დასძინა მან.

მსგავსი/Related

Back to top button