
კომუნიკაციების კომისია ‘პირატული’ „აგვისტოს 5 დღის“ წინააღმდეგ
ერთ-ერთ უცხოურ ტორენტ საიტზე ატვირთული ”აგვისტოს 5 დღე”.
„აგვისტოს 5 დღის“ პრემიერიდან ათ დღეში ფილმი ადგილობრივ და უცხოურ ე.წ. “პირატულ ვებ–გვედებზე” გახდა ხელმისაწვდომი, რის შემდეგაც მარეგულირებელმა აიძულა მსგავსი ქართული ვებ–გვერდები ამოეღოთ ფილმის არალიცენზირებული ვერსიები.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა 15 ივნისს, რომ მას ”საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ” აცნობა, რომ ათ ვებ–გვერდზე ფილმის "აგვისტოს 5 დღე“ ე. წ პირატული ვერსიები გავრცელდა.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყველა ზომას მიმართავს, მათ შორის მოსთხოვს ვებგვერდის მფლობელებს აღკვეთონ კანონდარღვევა, ხოლო დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ვებგვერდების ჰოსტინგის უზრუნველმყოფ ავტორიზებულ პირებს მოსთხოვს ვებგვერდების დაბლოკვას,“ – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
16 ივნისს ფილმი უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი ქართულ ვებგვერდებზე, რომლებიც რეგულარულად, უკანონოდ და საავტორო უფლებების დარღვევით ავრცელებენ ფილმებს, მუსიკალურ ფაილებს, ვიდეოთამაშებსა და სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს. ამ ვებგვერდებზე არსებული სხვა არალიცენზირებული მასალები კვლავაც ხელმისაწვდომია.
გარდა ამისა, ქართულმა ინტერნეტ პროვაიდერებმა დაბლოკეს რამდენიმე ტორენტ საიტი, რომლებზეც განთავსებულია ”აგვისტოს 5 დღის” არალიცენზირებული ვერსია. თუმცა, ამ ტორენტ საიტებზე შეღწევა მაინც არის შესაძლებელი proxy–სერვერების მეშვეობით – სწორედ ეს მეთოდი გამოიყენებოდა ფართოდ საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც ხელისუფლებამ .ru დომენი დაბლოკა.
Business Software Alliance–ის (BSA) მიერ მაისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს ე.წ. პირატული კომპიუტერული პროგრამების გამოყენებაში მსოფლიოს მასშტაბით პირველი ადგილი უკავია. BSA არის ჯგუფი, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესი მწარმოებლების მიერ არის შექმნილი. BSA–ის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის 93% არალიცენზირებულია.
საქართველოში რამდენიმე ყველაზე პოპულარული ვებგვერდი, რომლებიც არალიცენზირებული მასალის ჰოსტინგს უზრუნველყოფენ – მათ შორის ”პირატული” მუსიკის, ფილმების, ვიდეოთამაშების და კომპიუტერული პროგრამების – ერთ–ერთ უმსხვილეს ინტერნეტ პროვაიდერს, "კავკასუს ონლაინ“–ს ეკუთვნის.
This post is also available in: English Русский