ახალი ამბები

სააკაშვილი ახალი ევროობლიგაციების გამოშვებით საგარეო ვალის ‘წარმატებულ’ გადავადებას მიესალმება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ძალიან წარმატებული“ უწოდა ახალი ევროობლიგაციების განთავსებას, რაც ქვეყანას საშუალება მისცემს ფული "წყნარად" დახარჯოს განვითარებაზე და არა "სხვისი ვალების“ დაფარვაზე.

საქართველომ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით 7.125% –იანი ახალი 10–წლიანი ევროობლიგაციები განათავსა, რომლითაც გამოისყიდა 2008 წლის აპრილში გამოშვებული 500-მილიონიანი ევროობლიგაციის 83.4%, ანუ დაახლოებით, 417 მილიონი აშშ დოლარი. 2008 წელს გამოშვებული ობლიგაციების გადახდა საქართველოს 2013 წელს უწევდა.

“ეს ნიშნავს, რომ 2013 წელს ჩვენ არ გვექნება ამ ვალის ძირითადი ნაწილი გადასახდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია რეალურად ფული დავხარჯოთ ქვეყნის განვითარებაზე, ჩვენი ხალხის სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე და არა ძველი ვალების გასტუმრებაზე და დაფარვაზე,“– განაცხადა სააკაშვილმა 13 აპრილს პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურთან სატელევიზიო შეხვედრის დროს.

მისი თქმით, 2021 წლისთვის "ეს არაფერი დიდი თანხა არ იქნება საქართველოს განვითარებიდან გამომდინარე“.

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, ამ ვალის გახანგრძლივება არის საერთაშორისო ინვესტორების ძალიან დიდი ნდობა, რაც იმაზე "უფრო მაღალია“, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებობდა საქართველოს მიმართ, თან იმ ფონზე, როცა "საბერძნეთი ჩამოიშალა, პორტუგალიაში ასეთი პრობლემებია, ირლანდია, ისლანდია – ასეთ ქვეყნებს აღარ ენდობა უმეტესობა ინვესტორების“.

“მთავარი რაღაც შევძელით, რაც ვერ შეძლო საბერძნეთმა, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ,  ჩვენ შევქმენით მთლიანად არაკორუმპირებული გარემო ქვეყანაში ყველა დონეზე. სხვანაირად ფულს არავინ არ მოგცემს – ინვესტორებმა ეს კარგად იციან, რომ მთავრობის ყველა დონე არის არაკორუმპირებული – და მეორე, გარდა იმისა რომ მსოფლიოს პირველი რეფორმატორები ვართ, ამ რეგიონში, რომელშიც შედის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა, მთელი პოსტ–საბჭოთა სივრცე და ჩვენი მთელი სამეზობლო, ყველაზე ადვილად საკეთებელი ბიზნესის ქვეყანა ვართ,“– განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის "არაკეთილმოსურნეები“ საქართველოს განვითარებას აღიარებდნენ, თუმცა ასევე იმედოვნებდნენ, რომ როცა ვალების გასტუმრების დრო დადგებოდა, ქვეყანა "ჩამოიშლებოდა“.

“ახლა აღარავის არაფერი აღარ აქვს სათქმელი,“– განაცხადა მან, “ეს არის, სწორედ, რასაც ნიშნავს პოლიტიკური სტაბილურობა და სწორად გატარებული პოლიტიკა“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button