ახალი ამბები

‘ნაადრევია საქართველოსკენ თითის გაშვერა დომოდედოვოს ტერაქტთან დაკავშირებით’ – რუსული სააგენტო

რუსეთის ეროვნული ანტი–ტერორისტული კომიტეტის უცნობ წყაროზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი“ 1 მარტს იტყობინება, რომ ნაადრევია ვინმეს, მათ შორის საქართველოს ხელმძღვანელობის დადანაშაულება მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში იანვარში მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში.

“სანამ ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ნებისმიერი ვერსია იმაზე, თუ ვინ დაუკვეთა ის ან თანამონაწილეების შესახებ, შესაძლოა, ჩაითვალოს როგორც პირადი აზრი და მეტი არაფერი,“ – განუცხადა "ინტერფაქსს“ წყარომ.

ალექსანდრე ტორშინმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ანტი–ტერორისტული კომიტეტის წევრმა, 25 თებერვალს გამოქვეყნებულ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია დომოდედოვოს ტერაქტი საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით მოხდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 1 მარტს განაცხადა, რომ ეს ბრალდება იმდენად "აბსურდულია“, რომ მასზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 28 თებერვალს ტორშინის განცხადება შეაფასა, როგორც "სრულიად უსაფუძვლო“, რომლის მიღმაც "უნდა დავინახოთ ბევრად უფრო სერიოზული ჩანაფიქრი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button