ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის ‘ალტერნატიული პრეზიდენტის’ ინაუგურაცია გადაიდო

სამხრეთ ოსეთის 12 ნოემბრის ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაცია 23 ნოემბრის ნაცვლად, სავარაუდოდ 27 ნოემბერს გაიმართება.

ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ ერედვში განთავსებული ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ურუზმაგ ქარქუსოვმა აცნობა, თუმცა არც გადადების მიზეზი და არც ინაუგურაციის გამართვის ადგილი არ დააკონკრეტა.


ამავდროულად, ცხინვალში 25 ნოემბერს იგეგმება ასევე 12 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ედუარდ კოკოითის ინაუგურაცია.


ცხინვალმა უკვე დაგმო სანაკოევის ინაუგურაციისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ალტერნატიული მთავრობის ფორმირების გეგმები.


“ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართული მხარე არ არის დაინტერესებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით. ეს მიმათულია არსებული მოლაპარაკებათა ფორმატის დანგრევისაკენ“, – განუცხადა 22 ნოემბერს “რია ნოვოსტის“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის ვიცე–პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button