ახალი ამბები

ოპოზიცია გირგვლიანის მკვლელობის ‘შემკვეთების’ დასჯას ითხოვს

პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციები “დემოკრატიული ფრონტი“ და “ახალი მემარჯვენეები“ მიესალმნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ოფიცრის დაკავებას, რომლებიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები და მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და მკვლელობის “დამკვეთი“ მაღალჩინოსნების დასჯა.


“ჩვენ მოვითხოვთ, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ სრულად, არა მხოლოდ შემსრულებლებმა, არამედ დამკვეთებმაც. იქნება ეს [შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა] ახალაია, [შსს–ს გენინსპექციის უფროსი ვასილ] სანოძე,  [შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ] მელნიკოვი, რომელიც ასევე უნდა იქნას დაპატიმრებული თუ [შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ] დონაძე, რომელიც მინისტრის პრესკონფერენციას კი არ უნდა ატარებდეს, არამედ კარგა ხნის გადამდგარი უნდა იყოს“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა.


მისი თქმით, არცერთ შემსრულებელს არ შერჩება დანაშაული. “ეს არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი… თუმცა საქმის გახსნამდე და დასრულებამდე ძალიან შორია…მოვითხოვთ მაღალჩინოსნების გადაყენებას და ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას“, –განაცხადა დავითაშვილმა.


მისი თქმით, როცა შსს სამმართველოს უფროსი და რამდენომე მაღალჩინოსანი ოფიცერი “მკვლელთა ბანდას წარმოადგენს, მინისტრი გადადგომის განცხადებას უნდა აკეთებდეს“.


“მადლობა მედიას, სამოქალაქო სექტორს, რადგან საზოგადოების უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად, ვანო მერაბიშვილმა აღიარა, რომ საკუთარ უწყებაში ჰყავს მკვლელები…ეს არის გამარჯვების პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე უნდა მივიღოთ პასუხი, ვინ დაუკვეთა ეს მკვლელობა“, –  განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე “ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა კოკა გუნცაძემ.

Back to top button