ახალი ამბები

მოსკოვი თბილისს ჟენევის დისკუსიების წინააღმდეგ ‘საბოტაჟის’ მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისი გააკრიტიკა ბოლო დღეების განმავლობაში მთელი რიგი „პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების გამო“ და ქვეყანა 28-29 მარტს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 მარტის განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ოფიციალური პირები „სულ ახალ-ახალ [დიპლომატიურ] პროტესტს“ გამოთქვამენ.
„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიაზე საქართველომ რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელიც აშკარად პოლიტიზირებული იყო და აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და რუსეთის წინააღმდეგ იყო გამიზნული. განხორციელდა უცხოელი ვიზიტორების ახალი „პილიგრიმობა“ სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვარზე, რომელსაც საქართველოში კვლავ „ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს“ უწოდებენ“, – განაცხადა სამინისტრომ.   
„პროპაგანდისტული კამპანია შესაძლოა ყველაფერმა გამოიწვიოს: აფხაზეთის კანონზომიერმა გადაწყვეტილებამ, რომ გამშვები პუნქტების ოპტიმიზაცია განახორციელოს თავის საზღვარზე საქართველოსთან და ორმხრივმა შეთანხმებამ, რომელიც საშუალებას მისცემს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომ ინდივიდუალური კონტრაქტებით იმსახურონ რუსულ არმიაში, ასევე ტყუილმა აფხაზეთში დამატებითი C-300 დივიზიონის განთავსების თაობაზე და სრულიად ფანტასტიკურმა ისტორიამ რუსული სამხედრო კოლონის საქართველოს გავლით სომხეთისკენ მოძრაობის თაობაზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს „პოლიტიკური სპექტაკლის“ მიზანია „კონფრონტაციული და ისტერიული ატმოსფეროს“ შექმნა ჟენევის დისკუსიების წინ და ამ შეხვედრის წინააღმდეგ „საბოტაჟის“ გაგრძელება.
„გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ რუსეთის დელეგაცია ამიერკავკასიაში უსაფრთხოების და სტაბილურობის თაობაზე არსებული აქტუალური საკითხების მშვიდი და პროდუქტიული განხილვის განწყობით მიემგზავრება შვეიცარიაში. ამისკენვე მოვუწოდებთ ქართველ პარტნიორებს, ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს“, – განაცხადა სამინისტრომ.    
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button