ახალი ამბები

მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას კრიტიკა მოჰყვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას, როგორც მოსალოდნელი იყო, ფართო საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, მათ შორის გადაწყვეტილება ღიად გააკრიტიკა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

მურუსიძის კანდიდატურის მიმართ არსებული პრეტენზიები მის მიერ წარსულში განხილულ საქმეებს უკავშირდებოდა. ის სხვა გახმაურებულ საქმეებთან ერთად, ასევე არის სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე, რომლის მონაწილეობითაც 2007 წლის ივლისში გირგვლიანის მკვლელებს სასჯელი შეუმსუბუქდათ. მურუსიძე, რომელსაც კოლეგიური ორგანო –  მოსამართლეთა კონფერენცია უჭერს მხარს, აცხადებს, რომ ის ამ გადაწყვეტილების მიღებისას კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

ლევან მურუსიძე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს წევრის 10-წლიანი ვადა 2016 წელს ეწურება, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ შესაძლოა უვადოდ გამწესდეს.

ეს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 25 დეკემბერს 10 ხმით ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, თავად  მურუსიძეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია; ასევე მედიის ცნობით, მას მხარი არ დაუჭირა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და ასევე, საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა. სავარაუდოდ, მან იუსტიციის საბჭოს დარჩენილი მოსამართლე წევრებისა და ასევე პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე სამი წევრის მხარდაჭერა მიიღო. ეს წევრები სავარაუდოდ ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია და კახაბერ სოფრომაძე არიან, ვინაიდან მეოთხე არამოსამართლე წევრი სხდომას არ ესწრებოდა.

კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომლის ორი მონაწილეც, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე და ყოფილი დეპუტატი ბეჟან გუნავა პოლიციამ დააკავა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა  25 დეკემბერს იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ბერკეტებით, გააგრძელებს და ბოლომდე მიიყვანს ბრძოლას სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის დანიშვნას. ასეთი გადაწყვეტილების მიმართ მიუღებლობა ქართული საზოგადოებისა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა  ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელსაც გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2011 წლის განაჩენი ჰქონდა მხედველობაში. პრეზიდენტმა 22 დეკემბერს გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა.

„სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ეს არის ჩვენი ვალდებულება. პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით აქვს ვალდებულება წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

„ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“, – აღნიშნა მან პარასკევს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ამისთვის „გააჩნია ბევრი შესაძლებლობა“ და „პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური აქტივობა და ჩემს მიერ პოზიციის ძალიან ნათლად დაფიქსირება“.

პრეზიდენტის ეს განცხადება ლევან მურუსიძემ „სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლად“ შეაფასა და იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც მას „არნახული ზეწოლის“ მიუხედავად მხარი დაუჭირეს, მადლობა გადაუხადა.

„ჩემი მოწოდება არის, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, ის თავად ღებულობს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, ამ სასამართლოს დამოუკიდებლობას ყველამ უნდა სცეს პატივი. კონსტიტუციაში გათვალისწინებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს არა მარტო ქაღალდზე, არამედ რეალურად ცხოვრებაში“, – განაცხადა მურუსიძემ პარასკევს ბრიფინგზე და დასძინა, რომ 2013 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად მისი არჩევისას, როცა „მაშინაც მქონდა განხილული გირგვლიანის საქმე“, ამის გამო „არავის არ გამოუხატავს მძაფრი პროტესტი“.

„ოპოზიციური თავისუფალი“ დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დაგმო მურუსიძის არჩევა და 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს „უმსგავსო“ გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ „მთავრობა გარიგებაში შევიდა სააკაშვილის დროინდელ მოსამართლეებთან“. მან იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა მმართველ კოალიციასთან ერთად აირჩიეს, თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდა, რადგან დღევანდელი გადაწყვეტილების გამო მათ არ აქვთ „მორალური უფლება“ გააგრძელონ საქმიანობა.

„სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ თავისი ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წლისთავზე ქართულმა ოცნებას საბოლოოდ დაასამარა ოცნება თავისუფალ სასამართლო სისტემაზე“, – განაცხადა ოპოზიციური ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა, რომელიც  დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის იმ კოალიციასაც თავმჯდომარეობს, რომელიც მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის "ხარვეზიანი" პროცესის შეჩერებას ითხოვდა, ასევე მწვავედ გააკრიტიკა იუსტიციის საბჭოს 10 წევრის გადაწყვეტილება.

„ეს ათივე ადამიანი იზიარებს სრულ პასუხისმგებლობას გირგვლიანის და ყველა იმ დანარჩენი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც მიღებული აქვს ლევან მურუსიძეს და რომელსაც მიიღებს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა იუსტიციის საბჭოსთან მიმდინარე აქციაში, განაცხადა, რომ  ეს „ბინძური“ გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ იქნებოდა მიღებული.  

ქართული ოცნების დეპუტატებმა უარყვეს მათი მხრიდან რაიმე ჩარევა ამ გადაწყვეტილებაში.

„მე ჩემი მოსაზრებები გამაჩნია ამასთან დაკავშირებით, შეიძლება პოზიტიურიც არ იყოს, მაგრამ ჩაურევლობა და საშუალების მიცემა სასამართლოსთვის… გააგრძელოს დამოუკიდებელი საქმიანობა, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

This post is also available in: Русский (რუსული)

Back to top button