Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს განცხადება გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით

აშშ–ის საელჩომ თბილისში  საქართველოს ექს–პრეზიდენტის და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია“.  

„აშშ-ის საელჩო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს. ჩაწერილი საუბრების გადამოწმების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი განცხადებების ადგილი არ არის“, – აღნიშნა საელჩომ განცხადებაში „უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით“. 

„მივესალმებით პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც სიმშვიდისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„ეს განცხადებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს საჭიროა დიალოგი და პოლიტიკური და მედიასივრცეების გაფართოება და არა შეზღუდვა“, – განაცხადა საელჩომ.

ინტერნეტით გავრცელებულ ორ სატელეფონო ჩანაწერში, სადაც სააკაშვილი „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას ესაუბრება, ყოფილი პრეზიდენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საჭიროებაზე მიუთითებს ბარიკადების მოწყობის მეშვეობით, მოუწოდებს „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ და ამბობს, რომ საჭიროა „ფიზიკური დაპირისპირება“, რომლის დროსაც უნდა იყოს „ცხვირ-პირის დანაყვები“ და „საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება, უცებ“.

როდესაც აშშ–ის ელჩს იან კელის ამ აუდიოჩანაწერების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა აჭარის ტელევიზიას 30 ოქტომბერს:  „ვერაფერს გეტყვით, იმის გარდა, რომ ყველა ნიშნით, ჩანაწერები კერძო საუბარს ჰგავს. ვფიქრობ, იცით, რომ პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია ისევ და ისევ პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და წყაროების მითითება“. 

„ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ადგილობრივ მედიასაშუალებას [დამოუკიდებლად] მოეპოვებინა კერძო სატელეფონო საუბარი და შემდეგ გაევრცელებინა ის. მე არ ვენდობი ისეთ საუბარს, რომელიც სათანადოდ გადამოწმებული არ არის და სათანადო წყარო არ აქვს მითითებული“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button