ახალი ამბები

სასულიერო და კიდევ სამი სამოქალაქო პირი სასამართლომ 2013 წლის ჰომოფობიურ ძალადობასთან დაკავშირებით გაამართლა



კონტრდემონსტრანტები სასულიერო პირების ხელმძღვანელობით პოლიციის კორდონს არღვევენ, რათა თავისუფლების მოედნისკენ გაიკვლიონ გზა და ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქცია ჩაშალონ. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი და კიდევ სამი მამაკაცი გაამართლა ბრალდებებში, რომელიც 2013 წლის 17 მაისს თბილისის ცენტრში ანტიჰომოფობიური აქციის უკანონოდ და ძალადობრივად ხელის შეშლას მოიცავდა.

ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე პროცესის დასასრულს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის  იღუმენი, მამა იოთამ  (ირაკლი) ბასილაია; ბექა სალუქვაძე, ტარიელ დავრიშიანი და გიორგი ბასიაშვილი არ არიან დამნაშავე იმ მცირერიცხოვანი ჯგუფის შეკრების ძალადობით ხელის შეშლაში, რომელთაც ჰომოფობიის და ტრანსფობიის საერთაშორისო დღის აქციით აღნიშვნა სურდათ 2013 წლის 17 მაისს თავისუფლების მოედანზე.

დაგეგმილი მცირემასშტაბიანი აქციის მონაწილეებს ძალადობრივად შეუტია კონტრ-აქციის ათასობით მონაწილემ, რომელთაც წინ სასულიერო პირები მიუძღოდნენ და ადვილად გაარღვიეს პოლიციის მიერ დადგმული ბარიერები.

მამა იოთამიც მათ შორის იყო; ის ლგბტ უფლებების დამცველ აქტივისტებს სკამით ე.წ. „ტაბურეტკით“ დაედევნა  – მას შემდეგ ეს გამოსახულება არაერთი კარიკატურის წყარო გახდა. ის ასევე დაფიქსირებულია ვიდეოზე იმ მომენტში, როცა სკამს ურტყამს იმ ავტობუსის წინა საქარე მინას, რომელიც ადგილიდან ანტი-ჰომოფობიური აქციის მონაწილეთა ევაკუაციას ახდენდა.

 სასამართლომ განაცხადა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა იმ „პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტთან ერთად, პირთა დამნაშავედ ცნობისათვის“.

ჯერ-ჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა სასამართლო მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში.

მაგდა კალანდაძემ, რომელიც ანტი-ჰომოფობიური აქციის მონაწილე იყო, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლოს ეზოში განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს: „ადამიანები, რომლებიც იქ ვიყავით და ადამიანებმა, რომლებმაც განვიცადეთ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ყველანაირი დევნა და ზეწოლა, აღმოვჩნდით ასე ჰაერში; კიდევ ერთხელ, გვეუბნებიან, რომ ‘არაფერი არ მომხდარა; ადამიანები, რომლებიც თქვენს მოსაკლავად მოიწევდნენ დამნაშავეები არ არიან’“. 

თავდაპირველად  მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიასთან ერთად ბრალდებები ასევე წარედგინა კიდე ერთ სასულიერო პირს ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილს. 17 მაისის ძალადობის ამსახველ ერთ–ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ის იგინება და ყვირის „დაგხოცავთ“ იმ დროს, როდესაც კონტრდემონსტრანტები ლგბტ აქტივისტებისკენ მირბიან. სასამართლო განხილვის ადრეულ ეტაპზე მოსამართლემ თამაზ ბიჩინაშვილს მტკიცებულებათა არარსებობის მოტივით ბრალდებები მოუხსნა.

2013 წლის 19 მაისს პოლიციამ სამი ახალგაზრდა მამაკაცი და 16 წლის ბიჭი დააკავა; ისინი 100-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით გათავისუფლდნენ მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს 2013 წლის 17 მაისის ძალადობრივი აქციის დროს ჩადენილ ხულიგნობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button