Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო რუსეთისგან დეპორტაციის საქმეზე 70.3 მლნ ევროს ითხოვს



ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2014 წლის ივლისში განაცხადა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან კოლექტიური გაძევება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა.

საქართველომ რუსეთს კომპენსაციის სახით 70 320 000 ევროს გადახდა მოსთხოვა იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას უკავშირდება. 

სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2014 წლის 3 ივლისს განაცხადა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა.

თავის განაცხადში, რომელიც ევროპის სასამართლოს 2007 წელს წარედგინა, საქართველოს მთავრობა სასამართლოს კომპენსაციის დაწესებას სთხოვდა რუსეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად დაზარალებულთა მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

მართალია ევროპის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ მან ასევე განაცხადა, რომ კომპენსაციის საკითხზე „არ იყო მზად გადაწყვეტილების მისაღებად“ და მხარეებს შესთავაზა, რომ 12 თვის ვადაში მოელაპარაკებინათ კომპენსაციის საკითხზე და შესაძლო შეთანხმების თაობაზე სასამართლოსთვის ეცნობებინათ.

„2014 წლის 3 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და, როგორც შუამავალს, სთხოვა დახმარება რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან სტრასბურგის სასამართლოს შენობაში მოლაპარაკებების წარმოებაში. პასუხად, საქართველოს მთავრობას ეცნობა, რომ  მოლაპარაკებების პროცესში სასამართლოს ჩართულობა მიზანშეწონილი იქნებოდა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მხარეები სასამართლოს წინაშე წარადგენდნენ პოზიციებს კომპენსაციის შესახებ“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პარასკევს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტროდან არავითარი დოკუმენტაცია ან პოზიცია არ შემოსულა.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპული სასამართლოს ინსტრუქციის შესაბამისად და რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შეუძლებლობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა წერილობითი მოსაზრებები კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

მისი თქმით, 70.3 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია, რომელსაც საქართველო რუსეთისგან ითხოვს, „ეფუძნება მსგავს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს“.

ამ ეტაპზე უცნობია, წარადგინა თუ არა რუსულმა მხარემ ევროპის სასამართლოში საკუთარი მოსაზრება კომპენსაციის თაობაზე, მიმდინარე კვირაში 12–თვიანი ვადის გასვლის წინ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს და განსაზღვრავს შემდგომ პროცედურასა და მხარეების მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ. 

ორ ქვეყანას შორის ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ 2 300-ზე მეტი ქართველი დააკავა და გამოაძევა 2006 წლის სექტემბრის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში; ასობით ადამიანი თბილისში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს.

კიდევ 2 000–ზე მეტი ქართველი ასევე გამოაძევეს რუსეთიდან და მათ ქვეყანა თვითონ დატოვეს, საქართველოს მთავრობის მონაცემებით.

საქართველო აცხადებდა თავის განაცხადში, რომ ამგვარი ქმედება იყო რუსეთის ხელისუფლების შურისძიება თბილისში 2006 წლის სექტემბერში ოთხი რუსი ოფიცრის დაკავების საპასუხოდ.

რუსეთი, რომელიც უარყოფდა რაიმე შურისძიებას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, აცხადებდა, რომ ეს უკანონო ემიგრაციის წინააღმდეგ მისი სტანდარტული პოლიტიკის გაგრძელება იყო.

17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ ხმათა უმრავლესობით დაადგინა 2014 წლის ივლისში, რომ კონვენციის დარღვევას ჰქონდა ადგილი უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვასთან, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებასთან, სამართლიან სასამართლო განხილვის უფლებასთან, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებასთან მიმართებაში.

საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისო განაცხადი აქვს შეტანილი ევროპის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. სასამართლომ  ეს საქმეც დაშვებულად ცნო და შემდგომი განხილვისთვის დიდ პალატას გადასცა. განაჩენი ჯერ არ არის გამოტანილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button