ახალი ამბები

ილია მეორე: აშშ–ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ერთსქესიანი ქორწინების შესახებ ‘დიდი შეცდომაა’

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა საკვირაო ქადაგების დროს, რომ აშშ–ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ერთსქესიანი ქორწინების ამერიკის შეერთებული შტატების მთელს ტერიტორიაზე დაკანონების შესახებ „დიდი შეცდომაა“.

ის ამ საკითხს სამების საკათედრო ტაძარში 28 ივნისს ქადაგების დროს თავისუფლებაზე საუბრისას შეეხო.

„თავისუფლებას გააჩნია დიდი ძალა. თავისუფლება ეს არის ისეთი გამოცდა, როდესაც ადამიანი სულიერებით დაინახავს გზას, რომელიც უნდა გაიაროს“, – განაცხადა პატრიარქმა, „ხშირი შემთხვევაა, როცა თავისუფლებას ადამიანი ბოროტად იყენებს, სარგებლობს ამით და ბოროტად იყენებს და ეს დამღუპველია ადამიანის სულისთვის. სრული თავისუფლება რომ მიეცეს ადამიანს, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო არც ათი მცნება, არც კანონები, არც წეს–ჩვეულებები“.

„არის შემთხვევა, როცა ადამიანები და სახელმწიფოები უკანონობას აკანონებენ. თქვენ მედიიდან და პრესიდან იცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთელ შეერთებულ შტატებში იყოს დაშვებული ერთსქესიანი ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვით ამერიკელი სასულიერი პირები და ჩვენც ამას ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა“, – განაცხადა მან.

„ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი, რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი. შევთხოვთ უფალს, რომ გაგვიხსნას გონება ჩვენი და გული ჩვენი და გულმა დაინახოს კეთილი და ბოროტი და გაარჩიოს იგი“, – დასძინა პატრიარქმა.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button