Placeholder canvas
ახალი ამბები

კრემლი: პუტინი ცხინვალთან „ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმებას 18 მარტს მოაწერს ხელს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმებას 18 მარტს მოაწერენ ხელს, იტყობინება კრემლი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც გმობს ამ და მოსკოვის მიერ სეპარატისტულ აფხაზეთთან გაფორმებულ მსგავს ხელშეკრულებას, როგორც საქართველოს ტერიტორიების „ანექსიის“ მცდელობას, ასევე გააკრიტიკა რუსეთი ხელმოწერის დროის შერჩევის გამო, რადგან ის ჟენევის დისკუსიების 31-ე რაუნდს ემთხვევა.

„მოლაპარაკებების დროს სახელმწიფოთა მეთაურები ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით კოორდინაციას განიხილავეს“, – განაცხადა კრემლმა 13 მარტს.

ხელმოწერის ცერემონია მოსკოვში შედგება, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის პრესსპიკერის თანახმად.

რუსული მედიის სხვადასხვა საშუალებების თანახმად,  თავდაპირველად შეთანხმების გაფორმება 11 მარტისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. პრეზიდენტი პუტინი, რომელმაც მიმდინარე კვირაში ყაზახეთში ვიზიტი გადადო, ტელევიზიით 5 მარტის შემდეგ აღარ გამოჩენილა, რამაც გამოიწვია მისი ავადმყოფობის შესახებ ხმების გავრცელება, თუმცა ეს კრემლმა უარყო. 

საქართველოს მთავარმა მომლაპარაკებელმა ჟენევის დისკუსიებზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ აღნიშნა პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ამ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღის შერჩევა მოსკოვის მიერ, რომელიც ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდს ემთხვევა, „თავად ჟენევის მოლაპარაკებების და მათი თანათავმჯდომარეების გამიზნული შეურაცხყოფაა“.

„ამგვარი ქცევა კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ სამწუხაროდ, რუსეთი საკუთარ თავს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის მიღმა აყენებს, არამედ მარტივ დიპლომატიურ პროტოკოლსაც აღარ სცემს პატივს“, – განაცხადა დონდუამ.

მისი თქმით, „ამგვარი დემონსტრაციული ქცევა“ რუსეთის მიერ „კიდევ ერთხელ უნდა ახსენებდეს ჩვენს ევროპელ კოლეგებს და სამშვიდობო პროცესის შუამავლებს, თუ რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე იმყოფება საქართველო“.

„ჩვენ მოვუწოდებთ თანათავმჯდომარეებს გააორმაგონ ძალისხმევა, რათა რუსეთმა უპასუხოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს განცხადებას“, – განაცხადა მან.

„ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ და სხვა მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ განიხილონ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც ჩვენს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას განამტკიცებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და არსის ერთგული, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ერთადერთ პლატფორმას. ჩვენ მზად ვართ მშვიდად, ღიად და კონსტრუქციულად განვიხილოთ არსებული ვითარებიდან გამოსავალი ყველა სხვა მონაწილესთან ერთად. ჩვენ მოვუწოდებთ დისკუსიების მონაწილეებს რუსეთიდან, ანალოგიური პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“, – აცხადებს დონდუა.

ცხინვალთან დაგეგმილ ხელმოწერამდე ოთხი თვით ადრე მოსკოვმა სეპარატისტულ აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ცხინვალთან ხელშეკრულების თავდაპირველი პროექტის გადახედვის შემდეგ, საბოლოო ტექსტი ახლა უფრო ახლოსაა იმ ვარიანტთან, რომელსაც მოსკოვმა და სოხუმმა მოაწერეს ხელი. თუმცა, ის შეიცავს პუნქტებს, რომლებიც რუსეთთან ცხინვალის რეგიონის უფრო ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს, ვიდრე ეს სეპარატისტულ აფხაზეთთან ხელმოწერილ ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სტრუქტურების ცალკეული შენაერთები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სტრუქტურების შემადგენლობაში შევლენ“.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სეპარატისტული რეგიონის საბაჟო სტრუქტურის „ინტეგრაციას“ რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურთან.

ისევე როგორც აფხაზეთის შემთხვევაში, ცხინვალთან დაგეგმილი ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს სამართალდამცავი სტრუქტურების ერთობლივი საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბებას „ორგანიზებული დანაშაულის და სხვა მძიმე დანაშაულების“ წინააღმდეგ ბრძოლის „კოორდინაციის“ მიზნით.

რუსეთი ვალდებულებას იღებს, რომ „თანადააფინანსოს“ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო სამსახურების თანამშრომელთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდა რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში არსებულ დონემდე.

რუსეთი ასევე პირობას დებს, რომ 2016 წლიდან პენსიებს გაუზრდის სეპარატისტული რეგიონის იმ მაცხოვრებლებს, რომელთაც რუსული პასპორტები აქვთ. პროექტი ასევე ითვალისწინებს სეპარატისტული რეგიონის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის კიდევ უფრო გამარტივებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button