ახალი ამბები

მთავარი პროკურორი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ დაარწმუნოს ინტერპოლი, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადოს, განაცხადა მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა.

სააკაშვილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება, სხვადასხვა ბრალი აქვს წარდგენილი, რომელთაც ექს–პრეზიდენტი უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს.

საქართველოს პროკურატურამ პირველად აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით შეეცდება სააკაშვილის ძებნას.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს“, – განაცხადა ბადაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელიც გაზეთის ვებგვერდზე 29 დეკემბერს გამოქვეყნდა.

წითელი ცირკულარის შემთხვევაში, ინტერპოლი ეროვნულ პოლიციას პირთა იდენტიფიცირებასა და განთავსებაში ეხმარება მათი დაპატიმრების და ექსტრადიციის მიზნით. თუმცა ინტერპოლი ვერ მოთხოვს კონკრეტულ ქვეყნებს, რომ წითელი ცირკულარის საფუძველზე განახორციელონ დაპატიმრება.

სააკაშვილს ივლისის ბოლოს ბრალი წარედგინა საქმეზე, რომელიც ეხება მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას; ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.  სასამართლომ 2 აგვისტოს მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

5 აგვისტოს პროკურატურამ ექს–პრეზიდენტს ახალი ბრალდებები წაუყენა 2005 წელს მაშინდელ ოპოზიციურ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

ასევე აგვისტოში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე პერიოდში 8.83 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა.

ნოემბერში სააკაშვილს პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი.

„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა უარყო ბრალდებები, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მიმდინარეობს.

„ჩემს საქმიანობაში ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხულია“, – განაცხადა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button