ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ‘უკიდურესად შეშფოთებულია’ საყდრისის გამო



აქტივისტები 2014 წლის 15 დეკემბერს კულტურის სამინისტროს წინ შეიკრიბნენ, რათა მის მიერ კომპანია RMG–ისთვის ოქროს მოპოვების სამუშაობის წარმოებაზე ნებართვის გაცემა გაეპროტესტებინათ საყდრისში, რომელიც ზოგიერთ არქეოლოგს მსოფლიოს უძველეს ოქროს მაღაროდ მიაჩნია. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განაცხადა, რომ ის „უკიდურესად შეშფოთებულია“ საყდრისის არქეოლოგიური უბნის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, სადაც ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ RMG სამუშაოები დაიწყო მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტროსგან შესაბამისი ნებართვა მიიღო; ამას პროტესტი მოყვა კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან; ქმედება ასევე დაგმო საქართველოს საპატრიარქომ.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ორშაბათს საღამოს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საყდრისი წარმოადგენს „მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს“.

„საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკიდურესად შეშფოთებულია საყდრისი-ყაჩაღიანთან უკანასკნელ დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბოლო დროს, სხვადასხვა კონტექსტით ხშირად ხდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობისა და კომპეტენციის არასწორი ინტერპრეტაცია, რითაც ილახება ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო რეპუტაცია, ყოველივე ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს, ამიტომ გვინდა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მუზეუმის პოზიცია, რომ ჩვენი, გერმანული მხარისა და სხვა, პარტნიორი დაწესებულებების მიერ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარებული კვლევების საფუძველზე საყდრისი წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგებმა თავიანთ კოლეგებთან ერთად გერმანიის სამთო მუზეუმიდან (Deutsches Bergbau-Museum Bochum) უბნის კვლევა 2004 წელს დაიწყეს გერმანული Volkswagen Foundation–ის დაფინანსებით. არქეოლოგების თქმით, იქ ნაპოვნი არტეფაქტები აჩვენებს, რომ მაღარო ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულით თარიღდება, ზოგიერთი ნიმუშები კი, სავარაუდოდ, მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრით, რაც იმის დასტურია, რომ საყდრისი მსოფლიოს ერთ–ერთი უძველესი ოქროს მაღაროა.

უბანს სპეციალური სტატუსი მიენიჭა და 2006 წელს ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით გახდა დაცული, თუმცა 2013 წელს საქართველოს კულტურის სამინისტრომ ეს სტატუსი გააუქმა.



ვიდეოკადრი, სადაც ჩანს ბულდოზერი საყდრისის უბანზე 2014 წლის 13 დეკემბერს მას შემდეგ, რაც კომპანია RMG–მ ნიადაგის მომზადება დაიწყო ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების განსახორციელებლად.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განაცხადა, რომ არქეოლოგიური ობიექტის დღევანდელი „სავალალო მდგომარეობა“ განაპირობა 2013 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ.

 „აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო თერთმეტკაციანი კომისიის დასკვნა, რომლის მომზადებაში არ ყოფილან ჩართული ის ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც თითქმის ათი წლის განმავლობაში იკვლევდნენ ძეგლს“, – განაცხადა ეროვნულმა მუზეუმმა და დასძინა, რომ „2013 წელს მოხდა საერთაშორისო ექსპედიციის ჯგუფის იზოლირება ძეგლისაგან და იმავე წელს არქეოლოგთა სხვა ჯგუფმა ჩაატარა სამუშაოები, რომლის შედეგადაც გააქტიურდა ძეგლის ნგრევის პროცესი“.

2014 წელს კულტურის სამინისტრომ კომპანია RMG-ის ნებართვა მისცა საყდრისში ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების დაწყების თაობაზე, თუმცა ეს გადაწყვეტილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოში გაასაჩივრა; საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, დროებითი ზომის სახით სასამართლომ ივნისის დასაწყისში გამოსცა განკარგულება, რომ სადავო უბანზე არ განხორციელებულიყო არანაირი სამუშაოები.

2014 წლის ზაფხულში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია "RMG გოლდის" ინიციატივით აღდგა ურთიერთობა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფთან და დაიწყო მოლაპარაკება ძეგლზე შემდგომი კვლევა-ძიების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

შედეგად, განაცხადა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, მომზადდა გეგმა ობიექტის არქეოლოგიური კვლევის გაგრძელების თაობაზე.

თუმცა 13 დეკემბერს RMG–მ განაცხადა, რომ საყდრისში მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო, აფეთქებები განახორციელა და შესაბამისი ტექნიკაც გაგზავნა. რუსეთის მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ მას შემდეგ შეძლო სამუშაოების დაწყება, რაც კულტურის სამინისტრომ 12 დეკემბერს მას ახალი ნებართვა მისცა.

იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც საყდრისში ღია კარიერული წესით მოპოვების საწინააღმდეგო კამპანიას მართავენ, მოულოდნელი აღმოჩნდა RMG-ის 13 დეკემბრის განცხადება, რომ მან სამინისტროსგან ახალი ნებართვა მიიღო სამუშაოების დასაწყებად. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროს 12 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ და კომპანიის მიერ მისი სწრაფი აღსრულების გამო, კამპანიის წარმომადგენლებს საშუალებაც კი არ მიეცათ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელი შეეტანათ. ტექნიკურად შესაძლებელია საქმის სასამართლოში გასაჩივრება, მაგრამ არსებითად ეს არაფერს შეცვლის, რადგანაც მოპოვების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და უბანი უკვე დაზიანებულია, განაცხადა საიას ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ.

თუმცა, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განაცხადა, რომ ის „მზად არის სათანადო  პირობების შექმნის შემთხვევაში კვლავ განიხილოს სამეცნიერო კვლევების გაგრძელების შესაძლებლობა“.



ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

იმავდროულად, აქტივისტების ჯგუფი, რომელიც საყდრისში ღია კარიერული მოპოვების სამუშაოების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს, ორშაბათს საღამოს კულტურის სამინისტროს წინ შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა სახელწოდებით „მგორავი ქვები საყდრისიდან“ – აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან ქვები მიიტანეს იმის სიმბოლოდ, რომ „საყდრისის ისტორია დიდხანს გაგორდება ყველა იმ ჩინოვნიკის კარიერის კვალდაკვალ, რომლებმაც დანაშაულებრივ პროცესში მიიღეს მონაწილეობა“.

„საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის აფეთქებით არაფერი სრულდება. არამედ იწყება მოძრაობა ქვეყნის კულტურის პოლიტიკის და ქვეყნის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფუნდამენტური შეცვლის მიზნით“, – აცხადებენ კამპანიის მონაწილეები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button