ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, ვიდრე საქართველოს მთავრობა ევროპული კურსის ერთგულია, ის რჩება იუსტიციის მინისტრის პოსტზე

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც „უკიდურესად სამწუხარო“ უწოდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, განაცხადა, რომ ვიდრე საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული კურსის ერთგული იქნება, ის რჩება თანამდებობაზე. 

„2012 წელს ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ძალა იყო და არის ევროპული კურსის ერთგული“, – განაცხადა მან 5 ნოემბერს ბრიფინგზე, „ეს ასეა დღეს.  მანამ ეს ასეა, მანამ მე მაქვს სახელმწიფოსთვის, საქართველოს ევროპული მომავალისთვის მუშაობის სრული თავისუფლება, მანამ მე და ჩემს გუნდს ამ სამინისტროში გვაქვს თავისუფლება ვიმუშაოთ რეფორმებზე, რომელსაც ჩემი ღრმა რწმენით, მიყავს საქართველო ევროპამდე და მანამ არ მაქვს და არ მქონია არანაირი საფუძველი მეფიქრა, რომ ჩვენი მთავრობა  პრო-ევროპული მთავრობა არ არის, მე და ჩემი გუნდი ვრჩებით იუსტიციის სამინისტროს სათავეში  და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს სახელმწიფოსთვის“. 

წულუკიანი მთავრობაში წარმოადგენს „თავისუფალ დემოკრატებს“, პარტიას, რომელმაც მისი ლიდერის, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ქართული ოცნების მმართველი კოალიცია დატოვა. ალასანიას გათავისუფლებას მოჰყვა ასევე თავისუფალი დემოკრატების წევრის, ალექსი პეტრიაშვილის გადადგომა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის პოსტიდან და საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის წასვლა თანამდებობიდან – სამივე ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება.

წულუკიანმა განაცხადა, რომ მიუხედევად იმისა, რომ მინისტრად ყოფნის ორი წლის მანძილზე „ჰქონია მრავალი სირთულე“, მისი თქმით, ფაქტია, რომ არც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და არც მოქმედი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან „მე და ჩემ სამინისტროს არასდროს არ გვქონია ხელშეშლა გვევლო მთავრობასთან ერთად ევროპულ გზაზე“. მისივე თქმით,  არც აწ უკვე ყოფილ და ასევე მოქმედ მინისტრებთან აზრთა სხვადასხვაობა ევროპულ არჩევანზე არ ყოფილა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button