ახალი ამბები

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი არჩია

პარლამენტმა 17 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დარჩენილი ხუთი ვაკანტური ადგილიდან მხოლოდ სამი შეავსო ქართული ოცნებისა და აჭარის ავტონომიის კვოტით, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატურა ჩააგდო.

პირველი კონკურსის შედეგად პარლამენტს უკვე არჩეული ჰყავდა ოთხი მეურვე 9-წევრიან საბჭოში. დღევანდელი გადაწყვეტილებით მათი რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, თუმცა ამის მიუხედავად, ახალი სამეურვეო საბჭო უფლებამოსილების შესრულებას ვერ შეუდგება საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილება შეუნარჩუნდათ.

გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სამეურვეო საბჭოს ახლებური წესით დაკომპლექტების შესახებ კანონის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ახალი შემადგენლობის არჩევისთანავე ძველი საბჭოს შვიდივე წევრს უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდათ. საბჭოს ძველი შემადგენლობა უკვე თვეებია არაუფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები არასაკმარისი კვორუმის გამო.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი შექმნილი სამართლებრივი კოლიზიის გამო „ვალდებულია განახორციელოს საკანონმდებლო ჩარევა“, რათა გაგრძელდეს დაგეგმილი რეფორმა „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაურღვევლად და მასთან წინააღმდეგობაში მოუსვლელად“. მას მოსალოდნელი „საკანონმდებლო ჩარევის“ შინაარსზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ ამ საკითხზე შესაბამისი კონსულტაციები გაიმართება „ყველასთან“.

17 აპრილს გამართული კენჭისყრის შედეგად სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ საპარლამენტო უმრავლესობის  მიერ წარდგენილი გრიგოლ გოგელია (86 მომხრე 1 წინააღმდეგი), რომელიც ამჟამად კომპანია „სარაჯიშვილში“ მუშაობს, 2013 წლის დეკემბრამდე ოთხი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მრჩეველი იყო, ხოლო 2001-2011 წლებში კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა; და ალექსანდრე ვახტანგოვი  (85 მომხრე 1 წინააღმდეგი),  რეჟისორი, პროდიუსერი და ტელეგადაცემების ავტორი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი კოხრეიძე გახდა (119 ხმით არცერთის წინააღმდეგ). კოხრეიძე 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, შემდეგ კი დააფუძნა და ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია „202“-ს; იგი წლების განმავლობაში მუშაობდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. 

საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატის, ნინია კაკაბაძის (38 მომხრე 7 წინააღმდეგი) და ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ყოფილი მოადგილის დავით კიზირიას (40 მომხრე 9 წინააღმდეგი) კანდიდატურები. ნინია კაკაბაძისთვის ეს მეურვის თანამდებობის დაკავების მესამე უშედეგო მცდელობა იყო. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით „ძალიან სამწუხაროა“, რომ  ქართულმა ოცნებამ  გამოავლინა „სრული უპატივცემულობა“ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატების მიმართ. 

ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად გაიმართება მეორე ტური, რომლის ფარგლებშიც უმცირესობას ათი დღის ვადაში შეუძლია წარადგინოს იგივე ან სხვა კანდიდატები იმ სიიდან, რომელიც საკონკურსო კომისიამ შეარჩია პარლამენტისთვის.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ აქვს „საფუძვლიანი იმედი“, რომ მეორე ტურის შედეგად  მოხერხდება სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება.

17 აპრილის კენჭისყრამდე სამეურვეო საბჭოში შემდეგი ოთხი წევრი იყო არჩეული: მარინა მუსხელიშვილი და ლელა გაფრინდაშვილი სახალხო დამცველის კვოტით; ნათელა სახოკია – საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით; და ქეთევან მსხილაძე – ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატი.

მსგავსი/Related

Back to top button