ახალი ამბები

ოქრუაშვილი გორის მერად აპირებს კენჭისყრას

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა  განაცხადა, რომ მას გორის მერად სურს იყაროს კენჭი 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე.

თუმცა, მის ამ განზრახვას იურიდიული დაბრკოლებები ექმნება, რადგანაც ის ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას, რომ მერობის კანდიდატად წარდგენა შეუძლია საქართველოს  იმ მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში.

ოქრუაშვილი, რომელიც მთავრობის გავლენიანი წევრი იყო ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში, სანამ 2006 წლის ნოემბერში მთავრობას დატოვებდა, 2007 წლის სექტემბერში დააპატიმრეს, რასაც ორი დღით ადრე წინ უძღოდა მის მიერ ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბება და მისი ყოფილი მოკავშირის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებით გამოსვლა. მაშინ მას დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დასდეს ბრალი; დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 კვირაში, ოქრუაშვილმა დანაშაული აღიარა, უკან წაიღო სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, რის შედეგადაც  ის გირაოთი გაათავისუფლეს; შემდეგ მან ქვეყანა დატოვა, რაც მისი მხარდამჭერების თქმით, ფაქტიურად გაძევების ტოლფასი იყო. ის საფრანგეთში ცხოვრობდა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭეს, სანამ 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდებოდა. წინა ხელისუფლების მიერ წაყენებული რამდენიმე ბრალდება მას პროკურატურამ მოუხსნა, ხოლო ზოგიერთ სხვა ბრალდებაში სასამართლომ ის 2013 წლის იანვარში გაამართლა.

ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკურ თოქშოუში „რეაქცია“ საუბრისას ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ საცხოვრებელი ცენზის დებულება საარჩევნო კოდექსში ცოტა ხნის წინ მიღებული ცვლილებებით შევიდა, რათა მას ხელი შეუშალონ მერად კენჭისყრაში. ორწლიანი საცხოვრებლის ცენზის მოთხოვნას უკვე დიდი ხანია რაც საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს, როგორც თბილისის მერობის კანდიდატებისთვის (ერთადერთი ქალაქი საქართველოში, სადაც მერის პირდაპირი არჩევნები იყო შესაძლებელი თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღებამდე), ისე საკრებულოს წევრობის მსურველთათვის დადგენილ კრიტერიუმებში; იგივე საცხოვრებელი ცენზი შენარჩუნდა საარჩევნო კოდექსის ბოლო შესწორების შედეგად იმ კანდიდატებთან მიმართებაშიც, რომელთაც დანარჩენ 11 თვითმმართველ ქალაქში სურთ კენჭისყრა 15 ივნისს დაგეგმილ მერის პირდაპირ არჩევნები.

ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კანონში გარკვეული ხვრელები არსებობს, რაც მას საშუალებას მისცემს გვერდი აუაროს ორწლიანი საცხოვრებელი ცენზის მოთხოვნას და გორის მერად იყაროს კენჭი; მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გორის მერად კენჭისყრა ფეხბურთის მესამე ლიგაში თამაშს ნიშნავს, მაგრამ მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რათა გორის მაგალითით ყველას აჩვენოს მმართველობის „წარმატებული მოდელი“.

„მე ამ არჩევნებს ნებისმიერ ფასად მოვიგებ… თუ მე მომეცა საშუალება არჩევნებში მონაწილეობის, პირველივე ტურში მოვიგებ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მან გორის ადგილობრივი ხელისუფლება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხებს გორში პენსიების გაზრდისა და მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატებისთვის გამოყოფს.

ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, ის არჩევიდან 10 დღის ვადაში გორში  სტალინის ძეგლს აღადგენს, რომლის დემონტაჟიც 2010 წელს განხორციელდა.     

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თბილისში ეს ვინმეს მოეწონება თუ არა, რადგანაც გორელების სურვილის შემთხვევაში, ძეგლი თავის ადგილზე უნდა დაბრუნდეს. საქართველოში მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის აღმოხვრას არეგულირებს.

თავდაცვის მინისტრად მსახურობის დროს ოქრუაშვილმა 2006 წლის მაისში განაცხადა, რომ ის დატოვებდა თანამდებობას იმ შემთხვევაში, თუ თბილისი ვერ აღადგენდა კონტროლს ცხინვალზე 2007 წლის 1 იანვრისთვის – ის თავდაცვის მინისტრობიდან ამ თარიღამდე, დაახლოებით, ორი თვით ადრე გადააყენეს.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ოქრუაშვილმა განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, რომ კითხვა ‘ვინ დაიწყო ომი’ მისთვის მიუღებელია. მისი თქმით, არ ესმის იმ ადამიანების, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს ომის დაწყებაში. „მთავარი კითხვა ჩემთვის არის არა ის, ვინ დაიწყო ომი, არამედ ასე სამარცხვინოდ რატომ დავამთავრეთ ომი. ომი არის ჩვენი სუვერენული უფლება; ჩვენს ტერიტორიაზე ომს ვაწარმოებთ მაშინ, როცა ჩვენ ამას საჭიროდ ჩავთვლით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button