ახალი ამბები

მარგველაშვილი გმობს მავთულხლართების გაბმის პროცესს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 26 თებერვალს, რომ რუსი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მავთულხლართების გაბმის „სრულიად უაზრო“ პროცესი მიზნად ისახავს „კონფლიქტის შენარჩუნებას“ და მოსახლეობის შემდგომ გაყოფას.

მარგველაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს ყვარელში სტუმრობისას, რომ ის შიდა ქართლის რეგიონში აპირებს ჩასვლას და მავთულხლართების გაბმის პროცესის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ განახლდა სრულიად უაზრო მავთულხლართების გავლების პროცესი“, – განაცხადა მარგველაშვილმა, „მე მინდა, რომ ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მავთულხლართებს არ გააჩნია არავითარი სტრატეგიული დანიშნულება. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ქმედება – ადამიანების, რომელთაც ერთმანეთის ნახვა უნდათ  და ერთმანეთთან შეხვედრა უნდათ“.

„მე მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ხმა აიმაღლოს ჩვენთან ერთად ამ უკანონო ქმედების წინააღმდეგ.  ეს არის ქმედება, რომელიც მიმართულია კონფლიქტის გართულებისკენ იმიტომ, რომ მავთულხლართების გარეშე ჩვენ ვპოულობთ ერთმანეთს, ჩვენ ვეურთიერთობით ერთმანეთს და მავთულხლართები მხოლოდ გავლებულია იმისთვის, რომ მოხდეს კონფლიქტის შენარჩუნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ბარიერების აღმართვა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე არის „კიდევ ერთი დანაშაული და საერთაშორისო სამართლის დარღვევა“ რუსეთის მიერ.

„ეს არის მიმდინარე ქმედება, რომელიც არის მიმართული იმისკენ, რომ არ მოხდეს კონფლიქტის დე–ესკალაცია და ადამიანებმა ერთმანეთთან საერთო ენა არ იპოვონ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button