ახალი ამბები

მერაბიშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა


ვანო მერაბიშვილი სასამართლოს დარბაზში 2013 წლის 22 მაისს, როდესაც სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ფოტო: ინტერპრესნიუსი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო რამდენიმე ბრალდებასთან დაკავშირებით ორ დამოუკიდებელ ეპიზოდში და მას ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ დაადგინა, რომ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებებს, რომელიც მერაბიშვილთან ერთად ერთ–ერთ საქმეზეა ბრალდებული, უნდა მიენიჭოს სამსახურებრივი გულგრილობის და არა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაცია და მას უნდა დაეკისროს 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა. ჭიაბერაშვილი მითვისება–გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. 

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი გაასაჩივრებენ განაჩანს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმო როგორც  პოლიტიკურად მოტივირებული.

„მოსამართლემ ვერ გაუძლო ხელისუფლების წნეხს, ეს არის აშკარა“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგა ბოკერიამ მას შემდეგ, რაც განაჩენი იქნა გამოტანილი.

მერაბიშვილს, რომელიც 2013 წლის მაისის ბოლოს დააკავეს და რომელიც მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, ორ დამოუკიდებელ საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული. პირველი უკავშირდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ უმუშევართა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში 5.24 მლნ ლარის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. მერაბიშვილი მაშინ პრემიერ–მინისტრი იყო. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალი ასევე ჰქონდა წაყენებული მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს.

მეორე საქმე, რომელიც ქუთაისის სასამართლომ პირველ საქმესთან ერთად მოისმინა, მოიცავდა ბრალდებებს სახელმწიფო სახსრების მითვისება-გაფლანგვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა კვარიათში ფეშენებელური აგარაკის „მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით“ დაკავებას და საიდუმლო სახელმწიფო ხარჯებიდან მისი რემონტისთვის 158 ათასი ლარის დახარჯვას 2009 წელს, როცა მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

პირველ ეპიზოდში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია ბარბაქაძემ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო მითვისება–გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლებით, ხოლო მეორე ეპიზოდში ის მოსამართლემ დამნაშავედ ცნო გაფლანგვისა და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლებით.

პარლამენტის მიერ 2012 წლის დეკემბერში მიღებული ამნისტიის აქტისა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენების შედეგად მერაბიშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა; ამას გარდა, მას ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის და 6 თვის ვადით.

ორივე ამ ეპიზოდში პროკურატურამ ასევე წაუყენა ბრალი მერაბიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, მაგრამ სასამართლომ მას ეს ბრალდება მოუხსნა.

პროკურატურამ განაცახდა 17 თებერვალს, რომ ის გაასაჩივრებს განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მერაბიშვილს ზოგიერთი ბრალდება მოეხსნა და რომლითაც ჭიაბერაშვილი  მითვისება–გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

იმავდროულად, მერაბიშვილის წინააღმდეგ ასევე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ბრალდებებზე, რომლებიც მოიცავს დამამძიმებელი გარემოებებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებით, როდესაც იგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

ამას გარდა, მერაბიშვილს ასევე ბრალდებები აქვს წაყენებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება; პროკურატურა მერაბიშვილს, რომელიც 2006 წელს გირგვლიანის მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებს, რათა მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენისთვის ხელი შეეშალა. მერაბიშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button