ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ტელევიზიებს: ‘დაასრულეთ ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოებული პროპაგანდის ტირაჟირება’

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სატელევიზიო არხებმა „არ უნდა გაიმეორონ“  ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმული „შენიშვნები და მოსაზრებები“.

ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ბრიუსელში ვიზიტის დროს  5 თებერვალს ჩაწერილ ინტერვიუში დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მისმა გამოსვლამ ექსპერტთა ნაწილისა და ასევე ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა გამოიწვია, ღარიბაშვილმა უპასუხა: „თქვენ თუ საუბრობთ ნაციონალური მოძრაობის ე.წ. სატელიტურ ორგანიზაციებზე და მათ ექსპერტებზე, ეს ჩემთვის არ არის საინტერესო“.

„მე ადრე ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ ნაციონალურ მოძრაობას მე არ აღვიქვამ, როგორც ჩვენს ოპონენტებად – ეს ერთი; მიმაჩნია, რომ მათ არ აქვთ მორალური უფლება, რომ კითხვები დაგვისვან ჩვენ, ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას. მე მოვისმენ კრიტიკას თითოეული მოქალაქისგან“, – განაცხადა მან.

მან კრიტიკა იმის შესახებ, რომ მან ვერ მოახერხა მიუნხენის კონფერენციაზე თავის გამოსვლაში სრულყოფილად წარმოეჩინა საქართველოს პოზიცია, უარყო, როგორც „აბსურდული და მიუღებელი“.

„ყველა ის მთავარი მესიჯი, ის გზავნილი, რომელიც გასაჟღერებელი იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მე აბსოლუტურად მკაფიოდ დავაფიქსირე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როცა მას ჰკითხეს, რომ თავის გამოსვლაში სათანადოდ არ გაუსვა ხაზი რუსეთიდან შესაძლო საფრთხეებს, ღარიბაშვილმა უთხრა ჟურნალისტს: „უკაცრავად, უკაცრავად უნდა შეგაწყვეტინოთ… თქვენ არ უნდა გაიმეოროთ ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა… თქვენ , „მაესტრო“, რომელიც იყავით და ხართ ობიექტური ტელევიზია და რომელიც ყოველთვის იცავდით თავისუფალ სიტყვას, თქვენ დღეს არ უნდა იმეორებდეთ ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და შენიშვნებს“.

„მე არ ვაპირებ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პასუხი გავცე. თქვენ თუ იმისათვის მომიწვიეთ დღეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ვუპასუხო, მე მგონი, არასწორად შეარჩიეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„მე მინდა გისაყვედუროთ, თუმცა ეს ჩემგან არ მიიღოთ კრიტიკა, პირდაპირი მნიშვნელობით თქვენ არ გეკუთვნით“, – მიმართა მან „მაესტროს“ ჟურნალისტს, „მე მინდა ერთი რაღაც ძალიან კარგად განგიმარტოთ, რომ მე არაერთგზის განვაცხადე და მინდა, რომ გავიმეორო, რომ მე არ ვაპირებ ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, რაღაც გაუგებარ, აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხო. და ზოგადად მოგიწოდებთ, რომ ტელევიზიებმა დაასრულეთ ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოებული პროპაგანდის ტირაჟირება  – ეს პირველ რიგში თქვენ დაგაზიანებთ, თქვენ უბრალოდ დაკარგავთ მაყურებელს“.

„საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმართლე, ხოლო თქვენ თუ ხართ მოწადინებული და მოწოდებული, რომ თქვენ საზოგადოებას სიმართლე უთხრათ, მაშინ არ უნდა იმეოროთ 24 საათი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმული კრიტიკა  –  ეს არის ჩემი მეგობრული რჩევა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიუნხენში მისი გამოსვლის კომენტირებისას ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო „დაბალანსებული“ სიტყვა.

„არ არის საჭირო ზედმეტი ემოციურობა, აუცილებელი არ არის, რომ ყოველთვის ვიხმაუროთ ისე, როგორც იქცეოდა  ნაციონალური მოძრაობა და კერძოდ, მათი ჯერ კიდევ ლიდერი, ამ პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი; მსოფლიო დაიღალა რადიკალური პოლიტიკისგან; რადიკალიზმის ადგილი აღარ არის თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ დასავლელი კოლეგებისგან „მხოლოდ მოწონება  მოვისმინე ჩვენს მიერ წარმოებული პოლიტიკის მისამართით“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button