ახალი ამბები

მერაბიშვილი: ‘არასოდეს არ გამიცია ბრძანება არცერთი ადამიანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით’

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, გამოთქვა რა გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა, გავრცელებულ ვიდეო-კადრებთან დაკავშირებით, სადაც ის ძალოვანებს ეუბნება: „ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსო. პრემია დიდია“, განაცხადა, რომ მისი ამ სიტყვების დაკავშირება ე.წ. მუხროვანის ამბოხის ორგანიზატორებად გამოცხადებული პირების დაკავებისას გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის ფაქტთან არასწორია.

„მე ერთის მხრივ ვთვლი, რომ ვარ ყველაფერში მართალი და მეორეს მხრივ, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს –  ისინი არ არიან პოლიტიკოსები – რომ იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები. ყველა მასალა, ყველა დოკუმენტი არის შინაგან საქმეთა სამინისტროში; ის ადამიანები ბევრი დღესაც მუშაობს შსს-ში; ყველა მათგანი, დანარჩენი, ვინც არ მუშაობს, საქართველოშია და ძალიან ადვილია ამის დადგენა“, – განაცხადა წინასწარ პატიმრობაში მყოფმა მერაბიშვილმა ქუთაისში მისი ერთ-ერთი საქმის სასამართლო განხილვაზე 30 იანვარს. 

„მე მზად ვარ, როგორც ყოველთვის, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხო და ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდო სამართალდამცავ ორგანოებს, ვისაუბრო ყველა იმ დეტალზე, რომელიც  იმ დროს განხორციელდა“, – აღნიშნა მან დაწყებული გამოძიების თაობაზე.

მერაბიშვილმა ქუთაისში სასამართლო პროცესზე მუხროვანის საქმესთან დაკავშირებით ისეთი ამბავი მოყვა, რომელზეც ადრე არც მას ან ყოფილი ხელისუფლების რომელიმე სხვა წარმომადგენელს არასოდეს არაფერი არ უთქვამს და არც მუხროვანის საქმის სასამართლო მასალებში არ ასახულა. კერძოდ, 2009 წლის 5 მაისის მუხროვანის ე.წ. ამბოხში, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ თავიდანვე დაუკავშირა რუსეთს, მერაბიშვილის თქმით, ასევე ჩართული იყო ორი რუსი ოფიცერი.

„ჩვენი ინფორმაციით, მუხროვანის აჯანყებაში მონაწილეობდა, გარდა ჩვენთვის ცნობილი ადამიანებისა, რომლებიც, ჩვენივე ინფორმაციით, სწორედ რუსეთის დავალებით მოქმედებდნენ, ჩვენი ინფორმაციით, მონაწილეობდა კიდევ ორი რუსი მრჩეველი და ჩვენი ინფორმაციით,   კვალის დაფარვის მიზნით შეთქმულების ორგანიზატორებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია და ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ბრძანებას ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის შესახებ, რადგანაც ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ „გვამებთან“ დაკავშირებული მისი სიტყვები რომ „მკვლელობის შეკვეთა“ არ იყო, ის მოცემულობაც ადასტურებს, რომ ვიდეო-ჩანაწერის გაკეთებიდან ერთი საათის განმავლობაში სულ ცოტა 15 პირი იქნა დაკავებული მუხროვანის ინციდენტთან  დაკავშირებით და „არცერთი მათგანის მიმართ არ იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი და არცერთი მათგანი, მე რამდენადაც მახსოვს, დაჭრილიც არ იყო“.

წინა ხელისუფლებამ მუხროვანის ე.წ. ამბოხის ორგანიზატორებად კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე (ორივე პოლიტპატიმრის სტატუსით ახალმა ხელისუფლებამ შარშანდელი ამნისტიის შედეგად გაათავისუფლა საპატიმროდან) და გია კრიალაშვილი დაასახელა. მაშინდელი ოფიციალური ვერსიის თანახმად, სამივე მათგანმა 2009 წლის 5 მაისს ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაპარვა შეძლო, რის შემდეგაც მათი ძებნა 16 დღის განმავლობაში გაგრძელდა; 21 მაისს კი გლდანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, როგორც მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, ორმხრივი სროლის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, ხოლო  კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე მძიმედ დაიჭრნენ.

გავრცელებული ვარაუდით, მათ შორის მოკლული კრიალაშვილის ოჯახის განცხადებით, მერაბიშვილი ვიდეოჩანაწერში სწორედ ამ ადამიანების „გვამებს“ ითხოვდა „დიდი პრემიის“ დაპირების სანაცვლოდ.

„რაც შეეხება ამ თემის მიბმას ამ დღიდან [ჩანაწერის გაკეთებიდან] სამი კვირის თავზე  ჩატარებული ოპერაციასთან გლდანში ოთანაძის და მისი ჯგუფის დაკავების შესახებ, ამის მიბმა არის ხელოვნური. უფრო მეტიც, მე მინდა გითხრათ, რომ ის დანაყოფი, რომელმაც ჩაატარა ოთანაძის დაკავების ოპერაცია, საერთოდ არ იმყოფებოდა მუხროვანის ტერიტორიაზე მუხროვანის აჯანყების დროს. აქედან გამომდინარე არავითარი კავშირი  ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ როცა სპეცოპერაციის შედეგად ოთანაძე და ამირიძე დაიჭრნენ, „პირადად თხოვა“ თავის „მეგობარს“, დეპუტატ გივი თარგამაძეს, რომელიც მაშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, რომ დაერეკა სამედიცინო დაწესებულებაში, რათა განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ დაჭრილებისთვის.

„მე ვარ ცამდე მართალი ამ საქმეში… მე არასოდეს არ გამიცია ბრძანება არცერთი ადამიანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ იმ ფონზე, როცა მის საქმეებზე მიმდინარე სასამართლო პროცესები ფინალისკენ მიდის, ადგილი აქვს მცდელობას, რომ საზოგადოების თვალში „ჩვენ გამოვჩნდეთ, როგორც მკვლელები და მკვლელობის შემკვეთები“. 

"ეს ჩანაწერი მახსოვს და ეს ჩანაწერი, კადრებშიც ეტყობა, რომ კეთდება ღიად, ვიდეო კამერის წინ. და მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე; პირიქით, ეს იყო ჩემი მოვალეობა", – განაცხადა მან 30 იანვარს ქუთაისში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button