ახალი ამბები

ისრაელის და საქართველოს პრემიერ–მინისტრები ურთიერთობების გაღრმავებაზე თანხმდებიან



ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 28 იანვარს გამართულ შეხვედრაზე. ფოტო: საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური

ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც 28 იანვარს იერუსალიმში თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ როგორ „გავზარდოთ ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა“. 

„და ეს მტკიცე და ხანგრძლივი მეგობრობაა“, – განაცხადა პრემიერმა ნეთანიაჰუმ შეხვედრამდე პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, „ჩვენ ბუნებრივი სიმპათია გვაქვს საქართველოსთან, რომელიც ცდილობს აყვავებული და უსაფრთხო მომავალი უზრუნველყოს საკუთარი ხალხისთვის. ვფიქრობთ, ამის გაკეთებას ერთად შევძლებთ“.

„ჩვენ თანამშრომლობის ყველა სფერო გვაქვს, ტექნოლოგიები და წყალი, სოფლის მეურნეობა, განათლება, ყველაფერი. და მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ თანამშრომლობას ყველა სფეროში. ჩვენ ვაკეთებდით ამას და განვაგრძობთ ამის კეთებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ამას. ეს არის ჩვენი მიზნის ნაწილი, რომ მივაღწიოთ უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და მშვიდობას“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ–მინისტრმა. 

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო „ისწრაფვის შექმნას ხელსაყრელი ნიადაგი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის მსოფლიოს მასშტაბით და ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დისკუსიებს ისრაელის სახელმწიფოს და საქართველოს შორის  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე“.

იმავდროულად, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უთხრა ჟურნალისტებს თბილისში 28 იანვარს, რომ „ძალიან დიდი ველი გაიშალა“ საქართველოს და ისრაელს შორის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით.

„ერთი თვის წინ მე ვიმყოფებოდი ისრაელში და შეთანხმება შედგა ჯგუფის შექმნაზე,  რომელიც ყველა მიმართულებით ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას დაიწყებს“, – განაცხადა ალასანიამ.    

საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმს 28 იანვარს ვიზიტის ფარგლებში ხელი მოაწერეს ისრაელის  საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა და მისმა ქართველმა კოლეგამ მაია ფანჯიკიძემ. 

ეს ქართული დელეგაციის მეორე მაღალი დონის ვიზიტია ისრაელში ბოლო შვიდ თვეში.  2013 წლის ივნისში მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა ისრაელს. 2013 წლის ნოემბერში საქართველომ და ისრაელმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ჯერ ძალაში არ შესულა.

თავის კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს: „ისრაელი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ისრაელთან თანამშრომლობას მთელ რიგ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკური, კულტურული, უსაფრთხოების და სხვა საკითხები“.

„დღეს მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა ისრაელის პრემიერ–მინისტრთან და ასევე ისრაელის პრეზიდენტთან [შიმონ პერესთან]. იყო ძალიან საინტერესო იდეების გაცვლა, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენ შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და პირველ რიგში, ეს ეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ვინაიდან არსებობს უზარმაზარი პოტენციალი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, რომ იგი ასევე შეხვდა ისრაელის ბიზნესმენების ჯგუფს, რომლებიც, მისი თქმით, მარტში საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით ჩამოვლენ.

„პრემიერ–მინისტრ ნეთანიაჰუსგან მე მივიღე სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა იმის თაობაზე, რომ ის პირადად გაუწევს რეკომენდაციებს ებრაელ ინვესტორებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და მოახდინონ ინვესტირება“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ახლადშექმნილი ერთობლივი ეკონომიკური კომისია გზას გაუკვალავს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. ვიზიტამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა ვიზიტის დროს იგეგმებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button