ახალი ამბები

უცხოელი დიპლომატების განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შერჩევის საკითხზე

თბილისში აკრედიტებულმა დიპლომატების ჯგუფმა 21 იანვარს განაცხადა, რომ  „მოუთმენლად“ ელის პარლამენტის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელში „პროფესიონალური და დამოუკიდებელი სამეურვეო საბჭოს“ შერჩევის პროცესის დასრულებას.

პარლამენტი სამეურვეო საბჭოს ახალი წევრების არჩევას მიმდინარე კვირაში მოწვეული რიგგარეშე სხდომების ფარგლებში გეგმავს მას შემდეგ, რაც პირველ მცდელობაზე ვერ შეძლო საბჭოს სრულად დაკომპლექტება. 27 დეკემბერს დეპუტატებმა კონკურსის წესით შერჩეული მხოლოდ სამი მეურვე აირჩიეს, ხოლო წარდგენილი სამი კანდიდატურა ჩააგდეს.  ახალი წესების თანახმად კი, სულ ცოტა 7 წევრის არჩევა მაინც არის საჭირო 9-წევრიან სამეურვეო საბჭოში, რათა ის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგეს.

„ელჩების სამუშაო ჯგუფი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მედია გარემოსთან დაკავშირებით მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს. ასევე მხედველობაში ვიღებთ 2013 წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების მიღებას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შერჩევის საკითხს არეგულირებს“, – ნათქვამია 21 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.    

„მიგვაჩნია, რომ კანონი ახლა ისე უნდა განხორციელდეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში პროფესიონალური და დამოუკიდებელი სამეურვეო საბჭო დაინიშნოს და ქართული მედია გარემო კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – აცხადებენ ელჩები, „პარლამენტის მიერ შექმნილმა შერჩევითმა კომიტეტმა კანდიდატები განიხილა და 27 კანდიდატის სია შეარჩია გამჭირვალედ და ზედმიწევნით, კანონის მოთხოვნების შესაბამისად“.

„მაშინ როცა მსოფლიო მოელის საქართველოსგან, რომ მან პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და გამჭირვალობის დემოკრატიული იდეალები დაიცვას, ჩვენ მოუთმენლად ველით პარლამენტის მიერ შერჩევის პროცესის დასრულებას, როგორც ეს კანონითაა გათვალისწინებული“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button