ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება ‘სასაზღვრო ზონის’ აფხაზეთის სიღრმეში გაფართოებას აკრიტიკებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ რუსეთთან ‘სასაზღვრო ზონის’ 11 კილომეტრით გააფართოვების გამო გაგრის რაიონის სიღრმეში და ამას „უკანონო ქმედება“ უწოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ შექმნილი „საოკუპაციო რეჟიმის“ გადაწყვეტილებას მოყვა „2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე მდინარე ფსოუზე ე.წ. სასაზღვრო ზონის უკანონო გაფართოება საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში 11 კილომეტრით“.

საგარეო უწყების თქმით, ეს ქმედება კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ და შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ და მის განმავლობაში სოჭის გარშემო ფართო უსაფრთხოების ზონის შექმნის მიზნით, „სასაზღვრო ზონა“ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომებით აფხაზეთის სიღრმეში გაფართოვდა. იმ პირებმა, რომლებიც გაფართოებული ‘სასაზღვრო ზონის’ არეალში 20 იანვრიდან 21 მარტამდე პერიოდში შევლენ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობები უნდა იქონიონ. სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობის განკარგულებით, სოფელ ბაღრიფშში, რომელიც მე-11 კილომეტრზე მდებარეობს, „სტაციონარული საგუშაგო“ შეიქმნება, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტდება.

ამ საგუშაგოზე ზემოხსენებული სტრუქტურების თანამშრომლები იმ პირთა პირადობის მოწმობებს შეამოწმებენ, რომლებიც გაფართოებულ ‘სასაზღვრო’ არეალში აპირებენ შესვლას ან რუსეთის საზღვრისკენ მიემართებიან; ამას გარდა, ისინი სატრანსპორტო საშუალებებსაც შეამოწმებენ. აფხაზი სამართალდამცავები ოცდაოთხსაათიან პატრულირებას განახორციელებენ ზონაში შემავალ სოფლებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button