skip to content
ახალი ამბები

სოჭის ოლიმპიადის გამო ‘სასაზღვრო ზონის’ არეალი აფხაზეთის სიღრმეში გაფართოვდა

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ რუსეთთან ‘სასაზღვრო ზონა’, სადაც გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებია შემოღებული, 11 კილომეტრით გააფართოვა გაგრის რაიონის სიღრმეში. 

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, იმ პირებმა, რომლებიც გაფარტოებული ‘სასაზღვრო ზონის’ არეალში 20 იანვრიდან 21 მარტამდე პერიოდში შევლენ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობები უნდა იქონიონ. შარშან აგვისტოში გამოქვეყნებულ განკარგულებაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში და მის გარშემო უსაფრთხოების ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა. ეს განკარგულება 21 მარტამდე დარჩება ძალაში.

სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობის განკარგულებით, სოფელ ბაღრიფშში, რომელიც მე-11 კილომეტრზე მდებარეობს, „სტაციონარული საგუშაგო“ შეიქმნება, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტდება.

ამ საგუშაგოზე ზემოხსენებული სტრუქტურების თანამშრომლები იმ პირთა პირადობის მოწმობებს შეამოწმებენ, რომლებიც გაფართოებულ ‘სასაზღვრო’ არეალში აპირებენ შესვლას ან რუსეთის საზღვრისკენ მიემართებიან; ამას გარდა, ისინი სატრანსპორტო საშუალებებსაც შეამოწმებენ. აფხაზი სამართალდამცავები ოცდაოთხსაათიან პატრულირებას განახორციელებენ ზონაში შემავალ სოფლებში. თავად ქალაქი გაგრა ზონის გარეთ არის დარჩენილი.   

ამას გარდა, სოჭის ოლიმპიადის წინ გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფარგლებში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს შორის საზღვრის გასწვრივ სატვირთო მანქანების მოძრაობაზე. სატვირთო მანქანების მფლობელებმა, რომლებიც აფხაზეთიდან ან აფხაზეთისკენ მოძრაობენ, სპეციალური „აკრედიტაცია“ უნდა აიღონ, რათა ოლიმპიადის წინ და მის განმავლობაში საზღვრის გადაკვეთა შეძლონ. დროებითი წესების თანახმად, 45 სატვირთო მანქანას შეუძლია საზღვრის გადაკვეთა დღის განმავლობაში. ხელისუფლებას საზღვრის გადაკვეთის განზრახვის შესახებ სულ ცოტა ერთი დღით ადრე უნდა ეცნობოს. ეს ზომებიც 21 მარტამდე იმოქმედებს.

This post is also available in: English Русский

Back to top button