ახალი ამბები

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა მთავრობა დაითხოვა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 20 იანვარს მთავრობა დაითხოვა და ამის მიზეზად მისი არაეფექტურობა და ეკონომიკური პრობლემების მოუგვარებლობა დაასახელა.

„მე ჩემი მხრივ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავდი, რათა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, მთავრობის კონსოლიდირება მომეხდინა რესპუბლიკის ეკონომიკის აღდგენისთვის  გადაუდებელი ამოცანების გადასაწყვეტად. სამწუხაროდ, ჩემი ძალისხმევა წარუმატებელი გამოდგა“, – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რესი“ თიბილოვის სიტყვებზე დაყრდნობით. 

„სამხრეთ ოსეთის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა და ჩვენს წინაშე არსებული ამოცანები გადამწყვეტი ზომების მიღების აუცილებლობას გვკარნახობს“, – განაცხადა თიბილოვმა და დასძინა, რომ ბოლო წელიწადნახევარში მთავრობამ აღმასრულებელი შტოს ეფექტური მართვის სისტემა ვერ ჩამოაყალიბა. 

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შარშან „სერიოზული დარღვევები“  აღმოაჩინა რუსეთის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ხარჯვაში.

„მართალია, ეს წინა წლების დარღვევებია [სანამ ამჟამინდელი მთავრობა შეუდგებოდა უფლებამოსილების განხორციელებას 2012 წელს], მაგრამ რესპუბლიკის მთავრობამ არანაირ ზომებს არ მიმართა მათი წარმომშობი მიზეზების აღმოსაფხვრელად და აღსაკვეთად“, – განაცხადა მან.

თიბილობის თქმით, მთავრობა შესაბამისად არ ასრულებდა მის დავალებებს და რეგიონებთან კომუნიკაციასაც ვერ ახერხებდა.

„ამ და მთელი რიგი სხვა სერიოზული დარღვევების გამო, მე სხვა არჩევანი არ დამრჩენია, გარდა მთავრობის დათხოვნისა“, – განაცხადა თიბილოვმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button