skip to content
ახალი ამბები

ბალტიისპირეთის ქვეყნები მიესალმებიან ცვლილებებს თავისუფლების ქარტიაში

პარლამენტის თავმჯდომარისთვის დავით უსუფაშვილისთვის გაგზავნილ ღია წერილში საქართველოში ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის ელჩები მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის მიერ თავისუფლების ქარტიაში დეკემბერში მიღებულ ცვლილებებს, რაც მიზნად ისახავს ქმედითი მექანიზმების შექმნას კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოსაფხვრელად.

„ამ ცვლილებების მიღება… კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს  და საქართველოს საერთო ევროპული ღირებულებები და წარმოდგენა აქვთ ჩვენი ისტორიის შესახებ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სახელმწიფოში, რომელმაც დემოკრატიული გზა აირჩია, მიუღებელია საბჭოთა ან რომელიმე სხვა ტოტალიტარული რეჟიმის განდიდება“, – ნათქვამია 10 იანვარს გავრცელებულ წერილში.

2011 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო თავისუფლების ქარტია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბებას, რომელიც იმუშავებდა საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკების, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე. თუმცა, ამგვარი კომისია არ შექმნილა.

ცვლილებები თავისუფლების ქარტიაში, რომელიც პარლამენტმა 2013 წლის 25 დეკემბერს მიიღო და რომელიც ძალაში 30 დეკემბერს შევიდა, ორი თვის ვადას განსაზღვრავს ამგვარი კომისიის შესაქმნელად, სადაც ასევე შევლენ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები. კომისიის წევრები ერთი თვის ვადაში უნდა შეირჩნენ, ხოლო კომისიის დებულება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი თვის ვადაში უნდა დაამტკიცოს. კომისიის რეკომენდაციები შესასრულებლად სავალდებულო იქნება.

ბალტიისპირეთის ელჩებმა განაცხადეს ერთობლივ ღია წერილში, რომ ისინი „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებენ სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბებას.

„ასევე მზად ვართ ბალტიისპირეთის ქვეყნების ისტორიკოსები ჩავრთოთ გორის მუზეუმის ახალი კონცეფციის შემუშავებაში დახმარების მიზნით, და ქართველ ისტორიკოსებს და მეცნიერებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ“, – ნათქვამია ღია წერილში.

2012 წლის აპრილში კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სტალინის მუზეუმის სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთებას გეგმავს, რათა აქცენტი რეჟიმის რეპრესიებზე გაკეთებულიყო. ეს პროექტი ჯერ არ განხორციელებულა. კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ამ მიზნით მოწვეული ისტორიკოსების და ექსპერტების შემადგენლობით კომისიაც ჩამოაყალიბა მუზეუმისთვის ახალი კონცეფციის შესამუშავებლად.

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც თავისუფლების ქარტიაში ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორია, განაცხადა, რომ ცვლილებების მიღება განაპირობა სტალინის ძეგლების აღდგენის რამდენიმე შემთხვევამ და იმის საჭიროებამ, რომ ამგვარი პროცესები ერთი კონკრეტული კომისიის რეგულაციის ქვეშ მოექცეს. ერთ–ერთი ასეთი ძეგლი თელავში 31 დეკემბერს აიღეს.

წუხილები სტალინის ძეგლების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ, ძირითადად ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გამოხატეს საქართველოს ხელისუფლების წინაშე. ეს საკითხი ასევე წამოწია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა, როდესაც მან ნოემბერში რიგაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს უმასპინძლა.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button