ახალი ამბები

თავისუფლების ქარტიაში ცვლილებები მიღებულია



სტალინის ექვსი მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც გორში ცენტრალურ მოედანზე დაახლოებით 60 წელი იდგა, სანამ 2010 წელს აიღებდნენ, ახლა ქალაქის შემოგარენშია გატანილი და თავდაყირა დგას მიწაზე; სპეციალურად მიბჯენილი ფიცრები მას გადავარდნისგან იცავს; 2013 წლის 9 დეკემბერი.   ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

პარლამენტმა 25 დეკემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით, 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ცვლილებები თავისუფლების ქარტიაში, რომელიც მიზნად ისახავს ქმედითი მექანიზმების შექმნას კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოსაფხვრელად.

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია ქართული ოცნების დეპუტატ თამარ კორძაიასთან ერთად, განაცხადა, რომ ცვლილებების მიღება განაპირობა სტალინის ძეგლების აღდგენის რამდენიმე შემთხვევამ და იმის საჭიროებამ, რომ ამგვარი პროცესები ერთი კონკრეტული კომისიის რეგულაციის ქვეშ მოექცეს.

ცვლილებები ძალაში კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე შევა და მისი ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური კომისია, სადაც ასევე შევლენ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოფხვრის თაობაზე.  კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება გამოიწვევს თავიდან გაფრთხილებას, ხოლო მომდევნო ეტაპზე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას 1000 ლარის ოდენობით იმ პირობის დაცვით, რომ კომისიის დირექტივა აუცილებლად უნდა შესრულდეს.

2011 წლის მაისში მიღებული თავისუფლების ქარტია ამგვარი კომისიის შექმნას თავიდანვე ითვალისწინებდა, თუმცა მისი ფორმირება არასოდეს მომხდარა. ამასთან, კომისიას, კანონის თანახმად, შეეძლო მხოლოდ „რეკომენდაციების“ გაცემა და მისი გადაწყვეტილება სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა, რაც კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ შეიცვლება.

მესამე მოსმენით მიღებამდე ერთი დღით ადრე, 24 დეკემბერს დეპუტატებმა მუხლობრივად განხილვის შემდეგ მეორე მოსმენით 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს კანონპროექტი.

სამივე დეპუტატი, რომელმაც ცვლილებების მიღების წინააღმდეგ მისცა ხმა ქართული ოცნებიდანაა. ესენი არიან: მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი.

სამშაბათს გამართულ კენჭისყრას წინ უძღოდა სტალინთან დაკავშირებული მცირე დებატები.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიესალმნენ თავისუფლების ქარტიაში ცვლილებებს და განაცხადეს, რომ ერთხმად დაუჭერდნენ მხარს მის მიღებას.

ამ პოზიციის მიუხედევად, გიორგი კანდელაკმა, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან თავის გამოსვლაში გააკრიტიკა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტალინის ძეგლების აღდგენის რამდენიმე შემთხვევა, რომლის უკანაც, მისი თქმით, ქართული ოცნების აქტივისტები იდგნენ.

„ეს კანონი წარმოაჩენს გარკვეულ წინააღმდეგობებს, რომელიც არის თვითონ მმართველი კოალიციის შიგნით; წინააღმდეგობას, რომელიც არის უმცირესობას, რომელსაც სტალინი და საბჭოთა კავშირი არ გონია პოზიტიური ფენომენი საქართველოს ისტორიაში და უმრავლესობას შორის, რომელსაც ჩვენ გავლილმა ერთმა წელმა დაგვანახა, რომ სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს“, – განაცხადა კანდელაკმა და დასძინა, რომ ქართულმა ოცნებამ „არაერთხელ მოახდინა დადებითი დამოკიდებულების დემონსტრირება სტალინის პიროვნებისა და კულტის მიმართ“.

დეპუტატმა კანდელაკმა ასევე გაიხსენა ის კრიტიკა, რომელიც წინა ხელისუფლებამ მიიღო, როცა 2010 წლის ზაფხულში სტალინის ძეგლი შუაღამისას აიღო გორში.

ქართული ოცნების დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით ბერძენიშვილმა უპასუხა მას, რომ „ჩვენ ღამით უჩუმრად სტალინის ძეგლის გორში აღებას ვაპროტესტებდით“ იმის გამო, რომ ეს კამპანია მოქცეული არ იყო კანონის ფარგლებში, ახლა კი  „სტალინისგან გათავისუფლება“ პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე „დღისით, მზისით“ მოხდება და არა „უჩუმრად და ღამით“.

„პოსტსაბჭოთა პერიოდი მთავრდება საქართველოში –  ეს იმას ნიშნავს, რომ სტალინის და ნაციზმის, ფაშიზმის, ბოლშევიზმის, ტოტალიტარიზმისაგან თავისუფლდება ქვეყანა, მისი სიმბოლიკისგანაც თავისუფლდება და კანონით ხდება ამის უზრუნველყოფა; ეს სახელმწიფო პოლიტიკა ხდება“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

მან შეახსენა ოპონენტებს, რომ ქართული ოცნება ცდილობს რეალურად აამოქმედოს ის კანონი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იქნა მიღებული, თუმცა „არცერთი ნაბიჯი ამ კანონის ასამოქმედებლად არ გადადგმულა“.

მან ასევე გააკრიტიკა დეპუტატი კანდელაკი იმის გამო, რომ კანონპროექტის მიმართ ნაციონალური მოძრაობის მიერ „მხარდაჭერის დეკლარირების პარალელურად, კონფრონტაციული ფონი შემოიტანა და არცთუ მაინცდამაინც სიზუსტის დაცვით“.

ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ უარყო ქართული ოცნების რაიმე კავშირი სტალინის ძეგლების აღდგენის რამდენიმე შემთხვევასთან და განაცხადა, რომ ამას ადასტურებს პარლამენტში მომზადებული ინიციატივა, რომელიც აფიქსირებს სახელმწიფოს „მიდგომას და იდეოლოგიას“ ამ საკითხის მიმართ.

ვოლსკიმ იქვე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ეს კურსი არ არის მიმართული იმ „კერძო ადამიანების“ წინააღმდეგ, რომელთაც განსხვავებული აზრი აქვთ. მისი თქმით, ეს არის ძირითადად ხანდაზმული ადამიანების ძალიან პატარა უმცირესობა,  რომელთაც სტალინის მიმართ სიმპათიები აქვთ შემორჩენილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button