ახალი გუბერნატორები დაინიშნენ
მარცხნიდან მარჯვნივ: აკაკი ჩხენკელი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალ უფროსი; პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალ გუბერნატორს – პარმენ მარგველიძეს ართმევს ხელს, სახელმწიფო კანცელარიაში 13 დეკემბერს სახელმწიფო რწმუნებულების სატელევიზიო წარდგენის წინ. ფოტო: მთავრობის პრესსამსახური
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 დეკემბერს ცხრა ახალი სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი წარადგინა, რომლებიც მთავრობამ ახალ თანამდებობებზე უკვე დანიშნა.
ქვემო ქართლი – გიორგი მღებრიშვილი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – პარმენ (პაპუნა) მარგველიძე;
სამცხე-ჯავახეთი – აკაკი მაჭუტაძე;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – ლევან შონია;
იმერეთი – ზაზა მეფარიშვილი;
კახეთი – ირაკლი შიოლაშვილი;
მცხეთა-მთიანეთი – ნუგზარ ყიფიანი;
შიდა ქართლი – ზურაბ რუსიშვილი;
გურია – გიორგი ჩხაიძე.
ნოემბერში ამოქმედებული ახალი კონსტიტუციური დებულებების თანახმად, გუბერნატორებს მთავრობა ნიშნავს, პრეზიდენტის ნაცვლად. ყოფილმა გუბერნატორებმა უფლებამოსილებები გასულ თვეში მიხეილ სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის წინ მოიხსნეს.
ამასთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალ უფროსად აკაკი ჩხენკელი დანიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ირაკლი მელაშვილი შეცვალა.
ჩხენკელი ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე შსს-ის გენერალურ ინსპექციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. ზოგიერთი ახლადდანიშნული გუბერნატორი ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელია.
იმერეთის ახალი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი დასავლეთ საქართველოში შსს-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნამდე აკაკი მაჭუტაძე ამავე რეგიონში შსს-ის უსაფრთხოების სამსახურს ედგა სათავეში.
გიორგი შონია, სამგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი დანიშვნამდე ამავე რეგიონის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო.
ქვემო ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი მღებრიშვილი სამართალდამცავ სისტემაში სხვადსხვა თანამდებობებზე მუშაობდა, განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა გუბერნატორების წარდგენისას. მღებრიშვილი ორი წლის განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონის საგადასახადო სამსახურში მუშაობდა, ხოლო 2013 წლის გაზაფხულამდე საბაჟო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი მანამდე დედოფლისწყაროს გამგებელი იყო; გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე ბიზნესში მოღვაწეობდა; მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, დოკუმენტური ფილმის რეჟისორი, ნუგზარ ყიფიანი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „მე–9 არხში“ მუშაობდა 2000-იანი წლების დასაწყისში; შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი „ბანკი ქართუს“ ცენტრალური სერვის ცენტრის მენეჯერი იყო; პარმენ მარგველიძე, რაჭა–ლეჩხუმის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ამავე რეგიონის საგადასახადო სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.
"თქვენ ხართ წარმომადგენელი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის თითოეულ რეგიონში; შესაბამისად, თქვენზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ რეგიონში დაწყებული, იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტები, განხორციელდეს წარმატებით, ეფექტურად და დროულად, რომ არ იყოს ჩამორჩენა“, – მიმართა ღარიბაშვილმა ახალ გუბერნატორებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)