
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაზე კონკურსი გამოცხადდა
27 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი 9-წევრიანი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების მიზნით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ღია კონკურსი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ამ პროცესის დასაჩქარებლად 20 ნოემბერს ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში.
კონკურსის პირობების თანახმად, მასში მონაწილეობაზე განაცხადი 12 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ წარადგინონ საზოგადოებრივი ნდობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება.
აქამდე არსებული 15-წევრიანი სამეურვეო საბჭო, რომელიც გადაწყვეტილების მიღების უუნარო გახდა ოქტომბერში მას შემდეგ, რაც მასში შვიდი წევრი დარჩა, ახალი წესებით 9 წევრამდე შემცირდება.
კონკურსის გამოცხადების პარალელურად, პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დააკომპლექტებს საკონკურსო კომისიას, რომლის მიერ შერჩეულ მეურვეობის ორ კანდიდატს სახალხო დამცველი, სამს – საპარლამენტო უმრავლესობა, სამს – უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს პარლამენტს ასარჩევად, რისთვისაც პარლამენტის სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო. თუ სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდება სრული 9 წევრით, მაშინ დარჩენილი ვაკანტური ადგილების შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)