აბაშიძის და კარასინის შეხვედრა პრაღაში
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე 21 ნოემბერს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა უკვე მეხუთედ მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წლის წინ მოლაპარაკებების ამ ფორმატს ჩაეყარა საფუძველი.
ეს ფორმატი 2012 წლის დეკემბერში დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.
პირველი შემთხვევა იყო ფორმატის დაწყების შემდეგ, როდესაც ორი დიპლომატი 21 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარდგა.
„პირველ რიგში, დღეს ჩვენ ავღნიშნეთ, რომ მანიაკალური მტრობის ეპოქა, რომელსაც საქართველოს წინა ხელისუფლება აღვივებდა, დასრულდა“, – უთხრა კარასინმა ჟურნალისტებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთქმედების კონსტრუქციული პერიოდი და გამოსავლის ერთობლივი ძიება წინ გვაქვს, რაც ორი ქვეყნის ინტერესების ურთიერთპატივისცემას დაეფუძნება“, – განაცხადა მან.
„მაგრამ არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავაკეთეთ და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში – ილუზიები ყველაზე სახიფათოა ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ გადაჭარბებულ მოლოდინებს შესაძლოა იმედგაცრუება და „ურთიერთობების გაყინვა“ მოყვეს.
„სწორედ ეს არის ის, რაც არ გვინდა, რომ მოხდეს“, – განაცხადა მან. „ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი განვითარდეს, შესაძლოა, არც ისე სწრაფად, მაგრამ საიმედოდ“.
კარასინმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდებოდა საქართველოს საპრეზიდენტო კამპანიას და არჩევნებს.
„მიგვაჩნია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდად, შესაძლოა ზედმეტად მშვიდადაც, რაც ჯანსაღ ინდიკატორს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის. ის განცხადებები, რომელიც საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა გააკეთა, პოზიტიურად იქნა აღქმული ჩვენს მიერ“, – განაცხადა კარასინმა.
ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ახალი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მხარს უჭერენ ამ დიალოგის გაგრძელებას.
მან ასევე გაიმეორა, რომ ეს ფორმატი არ ეხება იმ საკითხებს, რომლებიც „წითელ ხაზს“ წარმოადგენს – ესაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს არჩევანის თავისუფლება საგარეო პოლიტიკურ საკითხებში.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ცალ–ცალკე წერილობითი განცხადებები გამოაქვეყნეს, სადაც ორივე მათგანმა მოლაპარაკებების პოზიტიურ დინამიკას გაუსვეს ხაზი.
აბაშიძემ აღნიშნა თავის განცხადებაში, რომ ქართული პროდუქტისთვის რუსული ბაზრის გახსნის და ჰუმანიტარულ, ხალხთა შორის კონტაქტების საკითხებში დადებითი ტენდენციების შედეგად , დღის წესრიგის საკითხების უმეტესობა უკვე შესრულებულია. აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ „იდეების, მოსაზრებების დონეზე გავცვალეთ წინადადებები დიალოგის მომდევნო ეტაპზე განსახილველად“.
ორი დიპლომატი შეთანხმდა, რომ მომდევნო შეხვედრა 2014 წლის მარტში ან თებერვალში გაიმართოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: „საერთო ჯამში, 2012 წლის დეკემბრის შემდეგ გამართული შეხვედრების კონსტრუქციულმა და კეთილმოსურნე ატმოსფერომ საშუალება მისცა მხარეებს, რომ წარმატებით გადაეწყვიტათ ორმხრივი დიალოგის პრაქტიკული საკითხები“.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი „მოქნილ მიდგომას“ იყენებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის კუთხით, რასაც, მისი თქმით, 2013 წელს შედეგად მოყვა ქართველებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობის 40%–იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)