პარლამენტმა მთავრობის დაჩქარებული წესით დასამტკიცებლად მოსმენები დაიწყო
პარლამენტმა სამშაბათს ახალი მთავრობისთვის დაჩქარებული წესით ნდობის გამოსაცხადებლად მოსმენები დაიწყო; მთავრობის დამტკიცება ოთხშაბათს იგეგმება.
სამშაბათს მინისტრობის კანდიდატები საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობენ; ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წინაშე ასევე წარდგა მომავალი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მომავალი პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებულ მთავრობაში მხოლოდ ერთი ახალი წევრია – 28 წლის ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზეა წარდგენილი.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივ მოსმენაზე, ჭიკაიძე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მხრიდან ინტენსიური დაკითხვის ქვეშ მოექცა, მაგრამ მან თითქმის ყველა მათი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
ჭიკაიძემ, რომელიც ბოლო წლების მანძილზე პირველი არაპოლიტიკური ფიგურაა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2008 წელს დაიწყო. ჭიკაიძე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, 2011 წელს გლდანი–ნაძალადევის რაიონის პოლიციის უფროსად დააწინაურეს; მანამდე ის იგივე პოლიციის გამომძიებლის თანაშემწედ და შემდეგ გამომძიებლად მუშაობდა. მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბერში ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ჭიკაიძე კახეთის სამხრეო მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა. 2013 წლის მარტიდან ის შსს-ის თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს.
საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ მოსმენაზე ჭიკაიძემ მომზადებული განცხადება წაიკითხა, სადაც ზოგადად მისი პრიორიტეტები იყო წამოდგენილი; მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „მთელ ჩემს შესაძლებლობებს გამოვიყენებ იმისათვის, რომ ღირსეულად გავაგრძელო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული შსს–ს რეფორმების კურსი“ და აღნიშნა, რომ „დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი და დეპოლიტიზირებულია“. მან პირობა დადო, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში სამინისტრო დარჩება გამჭირვალე და ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე.
გაიხსენა რა წინა ხელისუფლების მიმართ ქართული ოცნების ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლება პოლიციას პოლიტიკური მიზნით იყენებდა და ასევე ის ფაქტი, რომ ჭიკაიძე თავად მუშაობდა პოლიციაში წინა ხელისუფლების დროს, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა ჰკითხა მას, პირადად მას მიუცია თუ არა ქვეშევრდომებისთვის, ან მიუღია თუ არა ზემდგომებისგან უკანონო ბრძანებები; კიდევ ერთმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ჰკითხა მას, თუ სად იყო ის 2011 წლის 26 მაისს, როდესაც პოლიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქცია დაარბია, რომელთან დაკავშირებითაც ახლა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ბრალი აქვს წაყენებული; ნაციონალური მოძრაობის სხვა დეპუტატებმა ჰკითხეს ჭიკაიძეს, თუ როგორი იყო მისი ხედვა შსს–ს სტრუქტურის თაობაზე და უნდა გამოეყოს თუ არა უშიშროების კომპონენტი სამინისტროს.
ჭიკაიძემ მოკლედ უპასუხა, რომ მისთვის და ნებისმიერი სხვა პოლიციელისთვის კომფორტულია, როდესაც „შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპოლიტიზირებულია“. ქართული ოცნების დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც მოსმენას თავმჯდომარეობდა, უთხრა ჭიკაიძეს, რომ მას რამდენიმე წუთი დარჩა დარჩენილ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ „პასუხის გაუცემლობაც პასუხია“. ჭიკაიძემ არჩია არ ეპასუხა დანარჩენი კითხვებისთვის.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრი ოროსან მოსწავლეს შეადარა, რომელიც კითხვებს ვერ პასუხობს, ხოლო პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ჭიკაიძემ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების არც ერთ კითხვას არ უპასუხა. მისი თქმით, იგი შესაძლოა კარგი პოლიციელი იყოს, მაგრამ უმრავლესობის წევრები უნდა დაფიქრდნენ, თუ რამდენად სწორია მისი წარდგენა პოლიტიკურ თანამდებობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)