ახალი ამბები

ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა, იტყობინება შსს 11 ნოემბერს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან მანუელ ვალსთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმების განსახილველად. ასევე იგეგმება ცირკულარული მიგრაციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერა.

იმავდროულად, ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ევროპული საქმეების მინისტრ ტიერი რეპენტინთან გამართავს შეხვედრას, რომლის დროსაც ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას და სამომავლო გეგმებს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას განიხილავს.

ღარიბაშვილი უკვე მესამე მინისტრია, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის შემდეგ, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საფრანგეთს ეწვია. ალასანია 8 ნოემბერს თავის ფრანგ კოლეგას შეხვდა; მართალია ფანჯიკიძე პარიზს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 37-ე სესიის პლენარულ სხდომაზე დასასწრებლად სტუმრობდა, ის ვიზიტისას ასევე შეხვდა ევროპულ საქმეთა მინისტრ ტიერი რეპენტინს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button