skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა „ინვესტბანკში“ დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ინვესტბანკში“ ორი თვის ვადით დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა და ამის მიზეზად ბანკის საქმიანობაში „სერიოზული ხარვეზები“ დაასახელა.

„კონფიდენციალურობის“ მიზეზით ეროვნულმა ბანკმა და „ინვესტბანკმა“ უარი თქვეს ამ „ხარვეზების“ დეტალებზე საუბრისგან.

2013 წლის ივნისში Wall Street Journal–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნებით ირანელმა სამმა პირმა 2011 წელს კონტროლი მოიპოვა „ინვესტბანკზე“ ლიხტენშტაინში რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდ KSN Foundation-ის მეშვეობით, რომელიც ბანკის 70%–ის მფლობელია. იმავე ინფორმაციით, აშშ–ის ხაზინის დეპარტამენტი იძიებდა ბანკის საქმიანობას რადგან არსებობდა ეჭვი რომ შესაძლოა მას ირანულ ბანკებზე აშშ–ის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყენებდნენ.

კითხვაზე, თუ რა ტიპის ხარვეზებმა უბიძგა ეროვნულ ბანკს, რომ დროებითი ადმინისტრაცია დაენიშნა „ინვესტბანკში“, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ იგი ამ დარღვევების შინაარსზე ვერ ისაუბრებს, რადგანაც ეს ამ ეტაპზე კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.

„ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, რომ ოდნავ მაინც ჩრდილი მიადგეს საბანკო სექტორის ნდობას და სტაბილურობას“, – განაცხადა მან, „ამ კონტექსტში მინდა მოგახსენოთ შემდეგი: სს „ინვესტბანკში“ ეროვნული ბანკის შემოწმებათა ჯგუფის მიერ აღმოჩენილი იქნა მთელი რიგი დარღვევები. დარღვევების შინაარსიდან და სიმძიმიდან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება „ინვესტბანკში“ დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე“.

„დროებითი ადმინისტრაცია განაგრძობს მუშაობას აქციონერებთან ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. თუ ჩვენი მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, დროებითი ადმინისტრაცია დატოვებს ბანკს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიმოქმედებთ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად“, – დასძინა მან.

„ინვესტბანკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გზირიშვილმა განაცხადა, რომ შემოწმების „ჩვეულებრივმა" პროცედურამ „გარკვეული სახის დარღვევები გამოავლინა“, რასაც მოყვა დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნა. მისი თქმით, ეს ბანკის ყოველდღიურ მუშაობაზე და მისი კლიენტების მომსახურებაზე არ იმოქმედებს.

მან უარი თქვა დარღვევების დეტალებზე საუბრისგან „კონფიდენციალურობის“ მოტივით. კითხვაზე უკავშირდება თუ არა ეს Wall Street Journal–ის ინფორმაციას, გზირიშვილმა უპასუხა: „ვერ გეტყვით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button