Placeholder canvas
ახალი ამბები

სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს საპრეზიდენტო არჩევნები, ეს მაინც „პატარა ეტაპია“, რადგან საქართველო შემცირებული უფლებამოსილებების პრეზიდენტს ირჩევს.

ამ დრომდე სააკაშვილს, რომელიც დილიდან ანაკლიაში იმყოფება, ჯერ არჩევნებზე ხმა არ მიუცია.

„დღეს, რა თქმა უნდა, არჩევნებია, მაგრამ სამუშაო დღე არის მაინც ჩემთვის და ვალდებული ვარ, რომ ყველა ფუნქცია ბოლომდე შევასრულო“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა: „დილიდან ანაკლიაში, ჩემს ყველაზე საყვარელ ადგილზე ვირბინე ბულვარში“.

„ეს მაინც ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა. მე ხომ არ ვმონაწილეობ არჩევნებში“, – დასძინა მან. 

„როგორც არ უნდა დამთავრდეს [არჩევნები] – ერთი გაიმარჯვებს, მეორე გაიმარჯვებს, იქ მეორე ტური იქნება, ეს არის მხოლოდ პატარა ეტაპი იმიტომ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ახალი კონსტიტუციით  არის ძალიან შეცვლილი და პრაქტიკულად ძალიან უმნიშვნელო იმასთან შედრებით რაც იყო, თორემ არის იქაც მნიშვნელოვანი რაღაც ფუნქციები“, – განაცხადა მან. 

„ამიტომ ახლა ეს არის მხოლოდ რაღაც ეტაპი. სულ სხვა ბრძოლაა, სულ სხვა ეტაპზე გადავდივართ. ბევრი ახალი საინტერესო რამე მოხდება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ვიდეო, სადაც თბილისისკენ გზაში მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა, რაზეც მისი თქმით, „მომავალში განვითარებული მოვლენები დიდწილად იქნება დამოკიდებული“.  

„ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ყოველ ხმას აქვს მნიშვნელობა. ეს ბრძოლა ნამდვილად ღირს, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ასევე ამ ბრძოლის. დღესაც  თითოეული მიცემული ხმა მომავალში მოგცემს  ძალიან დიდ განსხვავებას და შედეგს. ამიტომ ახლა სახლში დაჯდომის და ხელების ჩამოშვების დრო ნამდვილად არ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button