ახალი ამბები

ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიასთვის განაჩენის გამოტანა ორშაბათს იგეგმება

მოსამართლე, რომელიც ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას ციხის ბუნტთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლო პროცესს უძღვება, საბოლოო განაჩენს 28 ოქტომბერს გამოაცხადებს, განაცხადეს თბილისის საქალაქო სასამართლომ და ახალაიას ადვოკატებმა.

მიმდინარე პროცესი, რომელიც 17 ოქტომბერს განაჩენის გამოტანის მიზნით გადაიდო, 2006 წლის მარტის ციხის ბუნტთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებას ეხება. ბრალდების თანახმად, ახალაიამ, რომელიც  მაშინ  სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა, რამდენიმე პატიმარი სცემა, რასაც თბილისის მე–5 საპყრობილეში ბუნტი მოყვა; შედეგად კი შვიდი პატიმარი დაიღუპა.

ახალაიას მიმართ ორ ცალკე საქმეზე სასამართლო პროცესები უკვე გაიმართა. 

ერთ საქმეზე იგი 1 აგვისტოს უდანაშაულოდ ცნეს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და წამებას ეხებოდა სამ ცალკეულ ეპიზოდში.

მეორე პროცესი მიმდინარეობდა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც 2012 წლის აგვისტოში, ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს წამების, არაადამიანური მოპყრობის და უფლებამოსილების გადამეტებას ეხება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ.  სხვა ბრალდებების მსგავსად, ახალაია აქაც უდანაშაულოდ თვლის თავს და აცხადებს, რომ ბრალდების მხარე შეეცადა, რომ ჯარისკაცების სამხედრო წვრთნა არაჰუმანურ მოპყრობად წარმოეჩინა. 13 აგვისტოს ეს პროცესი გადაიდო განაჩენის გამოსატანად, რომელიც მოსამართლეს ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button