ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი გადადგომის შემდეგ სიტუაცია ‘აბსოლუტურად სტაბილური’ იქნება
პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი (მარცხნივ) და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი (მარჯვნივ) ტელეკომპანია „კავკასიის“ სტუდიაში დავით აქუბარდიას გადაცემაში, 24 ოქტომბერს.
პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი დაგეგმილი გადადგომა არანაირ არასტაბილურობას არ გამოიწვევს და ვერავინ შეძლებს „სიტუაციის აყირავებას“.
„აბსოლუტურად სტაბილური იქნება სიტუაცია“, – განუცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას“ 24 ოქტომბერს, როდესაც წამყვანმა წუხილები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მის გადადგომას შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა მოყვეს, „ეგეთი სულელი ნუ გგონივართ… მე მოვედი, დავალაგე და წავალ და ვიღაც მოვა და დაანგრევს? ეგრე სადაა. ისე სტაბილურად იქნება [სიტუაცია], რომ ვერავინ ვერ შეარხევს მას; ვერავინ ამ კურსს ვერ შემოაბრუნებს“.
„მე მესმის, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი რაღაც განცხადებებს აკეთებს და ხალხში რაღაც შფოთვა დაიწყო… ვერავინ ვერაფერს ვეღარ ააყირავებს; ვერც ევროპიდან ვერავინ ვერ შემოგვაბრუნებს, ვერც ევრო–ატლანტიკური სივრცის მიმართულებას ვერავინ ვერ შეგვიცვლის. ამის ილუზია ნურავის ნუ აქვს. ვინც ამას საუბრობს და ამის განცდა აქვს, და ამის მცდელობა ექნება, გარწმუნებთ მხოლოდ საკუთარ თავს დაიზიანებს“, – განაცხადა მან.
„მოდის კაცი, იცის ძალიან კარგად საით უნდა წაიყვანოს ქვეყანა“, – განაცხადა ივანიშვილმა ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატზე გიორგი მარგველაშვილზე, რომელიც ასევე მონაწილეობდა „კავკასიის“ გადაცემაში, „ასევეა თითოეული მინისტრი მომართული და ასეთივე იქნება [ახალი] პრემიერ–მინისტრი“.
„მე არსად არ მივდივარ. ჩვენ, საზოგადოებას გვექნება ძალა და მე ჩემ წონას, რაც მაქვს და ჩემს ნდობას, რაც გამაჩნია, საზოგადოებას მოვახმარ … იქიდან გავაკონტროლებთ“ ხელისუფლებას, დასძინა ივანიშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მნიშვნელობას და ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლის თხოვნით მიმართა.
მისი თქმით, მართალია იგი დარწმუნებულია, რომ მარგველაშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, მაგრამ მნიშვნელოვანია დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება, რაც იმ შემთვევაში მიიღწევა, თუ ქართული ოცნების მხარდამჭერები დიდი რაოდენობით მივლენ კვირას არჩევნებზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადა მან, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ შესაძლოა ხმების 20%–მდე მიიღოს. „და თქვენ თვითონ მიიღებთ იმედგაცრუებას“, – მიმართა მან მხარდამჭერებს. „და მერე მათი ყოყლოჩინობა ნახეთ, რომ ‘ჩვენ ვართ რეალური ძალა’“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)