ახალი ამბები

ივანიშვილი: სააკაშვილის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, მათ შორის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე

„უამრავი“ საქმეა, რომელზეც პრეზიდენტ სააკაშვილს შესაძლოა სამართალდამცავი ორგანოების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიოს და მათ შორის შესაძლოა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეც იყოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკური თოქ-შოუსთვის „პოლიტიკის დრო“ მიცემული ინტერვიუს დროს დასმულ კითხვაზე არის თუ არა შესაძლებელი, რომ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, ივანიშვილმა უპასუხა: „მე ძალიან ვფრთხილობ – მე მთავრობის მეთაური ვარ და ძალიან ვფრთხილობ, რომ რამე მკვეთრი განცხადება არ გავაკეთო. ძალიან ზოგადი განცხადებებით შემოვიფარგლები“.

„რა თქმა უნდა, კითხვები მის მიმართ არსებობს  და რა თქმა უნდა, ახლა რომ ვთქვა, რომ ეს არ არსებობს და ამის ალბათობა არ არის, სიცრუე იქნებოდა და ვერავინ ვერ გაიგებდა, თუ [ყოფილი] პრემიერ-მინისტრი [ვანო მერაბიშვილი] ციხეშია, თუ თავდაცვის მინისტრი [ბაჩო ახალაია], თუ მეორე თავდაცვის მინისტრი [დავით კეზერაშვილი] საფრანგეთში დაიჭირეს, გენერალური პროკურორი [ზურაბ ადეიშვილი] დევნაშია და კიდევ სხვა ჩინოვნიკები დევნაშია და მათზე ამდენი კითხვები არსებობს საზოგადოებაში; ქალაქის მერი [გიგი უგულავა] იცით, რომ სამი საქმეა პროკურატურაში და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა კითხვები არსებობს [სააკაშვილის მიმართაც]“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ხელახლა დასმულ კითხვაზე გამორიცხავს თუ არა ის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სააკაშვილის წინააღმდეგ, ივანიშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ“.

კითხვაზე შესაძლოა თუ არა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გახდეს ამ სამართლებრივი დევნის მიზეზი, ივანიშვილმა უპასუხა: „რა თქმა, უნდა ესეც შეიძლება გახდეს და კიდევ ბევრი, უამრავი საქმე შეიძლება გახდეს“.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის თებერვალში გარდაიცვალა. გამოძიების წინასწარი ოფიციალური ვერსიის თანახმად (ფორმალურად ეს საქმე არასოდეს დახურულა), რომელიც ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში გაცხადდა, პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა. შემთხვევა 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოზე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ჟვანიასთან ერთად იმავე ბინაში აღმოჩნდა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუფოვის გვამი, რომელიც, არსებული ვერსიით, ასევე გაზით მოიწამლა. 

იმ მოტივით, რომ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების ოფიციალურ ვერსიაში უამრავი შეუსაბამობაა, ზურაბ ჟვანია ძმა, გოგლა ჟვანია, რომელიც ამჟამად დეპუტატია კოალიცია ქართული ოცნებიდან, დიდი ხანია აცხადებს, რომ მისი ძმა მოკლეს. ის პრეზიდენტ სააკაშვილს სულ ცოტა დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს.

ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, პროკურატურამ 2012 წლის ნოემბერს ამ საქმის გამოძიება განაახლა და მას შემდეგ რაიმე დეტალების დაკონკრეტების გარეშე არაერთხელ განაცხადა, რომ გამოძიებაში გარკვეული პროგრესია.

ეს საქმე მედიაში აქტიური განხილვის თემა კიდევ ერთხელ გასულ კვირას გახდა, როცა გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ გამოძიება რამდენიმე თვეში დასრულდება და რომ გამოძიების პროცესში რამდენიმე ახალი მტკიცებულება გაჩნდა.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დეტალების დასახელების გარეშე განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში ახალი მტკიცებულებები, გარემოებები და საერთოდ გარდაცვალების ახალი ვერსია გამოიკვეთა. მისი თქმით, ყველა შესაძლო ვერსია მოწმდება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 ოქტომბერს განაცხადა: „ზურაბ ჟვანია იყო ჩემი ახლო მეგობარი და ყველამ ძალიან კარგად იცის იქ რა მოხდა. იყო უბედური შემთხვევა. ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო კიდევ კარგი… გამოძიების ფედერალური ბიუროს დეტალური დასკვნა. ოჯახი ამ დასკვნას იცნობს. ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანის ბევრ ძალიან ღრმა და ისეთ დეტალს. და ნამდვილად ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათა წმინდა. თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის ვინმე ოჯახის წევრისთვის, ეს მათ სინდისზე იყოს“. 

იმედდთან ინტერვიუში, რომელიც 21 ოქტომბერს გავიდა ეთერში, ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ  „არავითარი სურვილი არ გამაჩნია იმისა, რომ ჩემი პრეზიდენტი ან დაიკითხოს ან მითუმეტეს ციხეში მოხვდეს – ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, სააკაშვილი ცალკე მოვლენაა, ის პიროვნებაა“.

„ეს არ არის კარგი ქვეყნის იმიჯისთვის“, – განაცხადა მან, თუმცა დასძინა, რომ მის გადასაწყვეტი არ არის და ვერ „ჩაერევა მომავალშიც“, მითუმეტეს „როცა მე პოლიტიკიდან მივდივარ“, თუ როგორ იმოქმედებენ სამართალდამცავი ორგანოები.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა: „მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მომავალი არ აქვს სააკაშვილს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button