ახალი ამბები

ივანიშვილი: მომავალ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ‘პრინციპში არჩევანი გაკეთებული მაქვს’

პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმ სამი შესაძლო კანდიდატიდან, რომელსაც ის მთავრობის მის შემდგომ ხელმძღვანელად განიხილავდა, „პრინციპში არჩევანი გაკეთებული მაქვს“, მაგრამ ჯერ მის დასახელებას არ აპირებს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებიდან ყურადღების გადატანა არ მოხდეს და ზედმეტი აჟიოტაჟი არ გამოიწვიოს.

„პრინციპში არჩევანი გაკეთებული მაქვს. მე მქონდა [პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის] სამი ვარიანტი, სამ კაცს ვუყურებდი და სამივეს ვიტყვი, თუ დაგჭირდებათ ბოლოს. და დრო კიდევ მაძლევს საშუალებას. რატომ უნდა ვიჩქარო პრინციპში? არის დარჩენილი დრო და მაქსიმალურად, რომ არ შევცდე, არავითარი ვალდებულება ამის არ ჩანს დღეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ეს განცხადება 25 სექტემბერს ექსპერტებთან სატელევიზიო შეხვედრაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაჟა ბერიძემ უსაყვედურა იმის გამო, რომ არ ასახელებს მომავალ პრემიერ-მინისტრს. 

„ვალდებულება მაქვს ახლავე რომ დავასახელო?“, – უპასუხა ივანიშვილმა, „მე ვარ აბსოლუტურად თანმიმდევრული და ყველაფერს გაწვდით თანმიმდევრულად“.

„ბუნებრივია, რომ გაქვთ მოთხოვნილება ამის, მაგრამ უფრო ბუნებრივია, რომ არ ვასახელებ ამ ეტაპზე და ამას აქვს თავისი მიზეზები“, – განაცხადა მან და რამდენიმე მიზეზი დაასახელა. 

„დღეს პოლიტიკურად გაუმართლებელიც იქნება [მომავალი პრემიერის დასახელება], რამეთუ საპრეზიდენტო არჩევნები მიდის დღეს, ჩვენ გვყავს გენიალური საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც მე უაღრესად დიდ პატივს ვცემ“, – განაცხადა მან.  

„მეორე, აი ეს პროცესი არ უნდა დავაკნინოთ. ფოკუსირება დღეს აქ უნდა მოხდეს. საპრეზიდენტო არჩევნები მიდის და… პრემიერ-მინისტრის შემოყვანის არავითარი საჭიროება არაა“. 

„და კიდევ ის, რომ ამით ისარგებლებენ… და შეიძლება ამას მოყვეს ზედმეტი აჟიოტაჟი და გადახრა-გადმოხრა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მართალია საზოგადოებას აქვს მოთხოვნილება გაიგოს მისი შემცვლელის ვინაობა, მაგრამ „უნდა დაელოდოს“.

იმავე შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ მომავალ მთავრობაში შესაძლოა ერთი-ორი მინისტრიც შეიცვალოს.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის აპირებს დატოვოს პრემიერ-მინისტრის პოსტი და გადავიდეს საზოგადოებრივ სექტორში.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი მოდელი პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცის ხარჯზე გაძლიერებული პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტით, პარლამენტმა ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button